2018-10-04 11:48:58
აქცია ბათუმის ჩაბეტონების წინააღმდეგ - 7 ოქტომბერი, ევროპის მოედანი

კვირას ბათუმში, ევროპის მოედანზე საზოგადოება „ბათომი“  იქ, სადაც 9 ცათამბჯენის მშენებლობა იგეგმება აქციას გამართავს. „ბათომმა“ დღეს ქალაქის მერი, ლაშა კომახიძე, საზოგადოების მიზანმიმართულ შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა.

„მერმა ისტორიული დაცვის ზონის საზღვრები, რომელიც ძველ უბანს ცათამბჯენებისგან დაიცავდა, საზოგადოებას საჯაროდ წარუდგინა, მოგვიანებით თვითნებურად შეცვალა. დაცვის ზონიდან გაქრა ქალაქისთვის ორი უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი სივრცე, ბათუმის რივიერა და დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიები. სწორედ იქ, სადაც 9 ცათამბჯენის მშენებლობა იგეგმება.  მათ შორის ერთის – 54-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა უკვე დაწყებულია.

 

საზოგადოება „ბათომი“ მიიჩნევს, რომ ლაშა კომახიძემ გადაამეტა თავის უფლებამოსილებას და დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა და აპირებს მიმართოს სასამართლოს.

კანონი დაირღვა მწვანე კონცხის სანაპიროს ერთ ნაწილისთვის რეკრეაციული ზონის სტატუსი საქმიანი ზონით შეცვლის დროსაც.

გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ 28 სექტემბერს მიიღო, ამით  სამშენებლო კომპანიას საშუალება მიეცა ორი 28-სართულიანი კორპუსი ააშენოს.

კანონმდებლობის მიხედვით, ტერიტორიაზე ზონის შესაცვლელად მერიას და საკრებულოს ადგილობრივ მოსახლეობასთან საჯარო განხილვა სჭირდება, მწვანე კონცხზე კი ისე შეიცვალა ზონა, მოსახლეობისთვის არაფერი უკითხავთ. ეს თავად აღიარა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ.

ამ უკანონო გადაწყვეტილებით მწვანე კონცხის ჩაბეტონების შეუქცევადი პროცესი იწყება, რომელიც უნიკალური მწვანე სივრცე და ბათუმის ფილტვებია“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც „ბათომმა“ გაავრცელა.

ამავე თემაზე