2018-10-03 14:48:06
ჯიბლაძის დაკავება და განხეთქილება სუს-ში - ვინ ითხოვდა და იღებდა წილებს კომპანიიდან?

"ქრონიკა+"-ის ინფორმაციით,  სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დამფუძნებლის დაკავება  უკვე დიდი ხანია გადაწყვეტილია და ამას დღემდე სუს-ის უფროსის მოადგილე, ალეკო ტაბატაძე აყოვნებდა. როგორც ჟურნალისტი ელისო კილაძე წერს, ტაბატაძეს საკუთარი ბიზნეს ინტერესები ამოძრავებდა და ჯიბლაძემ დახმარების სანაცვლოდ მას სოლიდურ წილს პირდებოდა. კილაძის ინფორმაციით, კომპანია „სვეტი“ სუს-ში განხეთქილების ერთ ერთი თემაა. 

"სუს-ში კიდევ ერთი განხეთქილების ვაშლი სამშენებლო კომპანია „სვეტი“ და მისი დამფუძნებელი გივი ჯიბლაძეა. ფინანსურ პოლიციაში ჯიბლაძის წინააღმდეგ გამოძიება უკვე დასრულებულია და ფინანსური დოკუმენტების მიხედვით, ჯიბლაძეს 700-ზე მეტი ბინა აქვს გაყიდული და თანხა მითვისებული. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, გივი ჯიბლაძის დაკავება უკვე გადაწყვეტილი იყო, მაგრამ პროცესი სუს-ის უფროსის მოადგილე ალეკო ტაბატაძის ზარმა დააყოვნა, ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც ალეკო ტაბატაძეს გივი ჯიბლაძე და მისი მეგობარი კახა აბზიანიძე, მეტსახელად „ჟოროვიჩი“ შეხვდა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ტაბატაძეს დახმარების სანაცვლოდ ჯიბლაძე ერთ-ერთი ბიზნესიდან სოლიდურ წილს დაჰპირდა." წერს კილაძე. 

„ქრონიკა+“ წერილსაც ასაჯაროებს, რომელიც მათი ინფორმაციით, სვეტის დაფუძნებლე ჯიბლაძეს ეკუთვნის და მასში დეტალურადაა აღწერილი ვინ იღებს „სვეტიდან“ წილს

"სტილი დაცულია :

წილი ლაშა ჭელიძეზე - გრიგოლ ლილუაშვილი

  1. ხელფასი მაია ლილუაშვილზე - გრიგოლის მეუღლე
  2. წილი ჭელიძეზე რომელიც ამ ბოლოს ფორმდება გიორგი სანაძის შვილზე პაპუნა სანაძეზე. ამ უკანასკნელს სანაძეს ჰქონდა 20% და ლილუაშვილის წილი 20% გადაუფორმდა სანაძეს და გაუხდა 40% და მიზეზი სავარაუდოდ უნდა იყვეს განხეთქილება, რაც გულისხმობს ნებართვის მოგვარებას, რომელიც უნდა მოეგვარებინა ლილუაშვილს და ვერ მოაგვარა, მთავარი მომენტი კი არის კახი კალაძე, რომელიც შიდა კონფლიქტის გამო ლილუაშვილს ხელს უშლის და უშლიდა, რასაც სავარაუდოდ დაემატა ბიზნესსაქმიანობა კალაძის სადაზღვევო კომპანია „უნისონში“ რასაც ფლობს კახი და რომელ კომპანიასაც „სვეტი“ არაერთხელ შეხვდა ჯიბლაძის ხელმძღვანელობით. სადაც სავარაუდოდ წინააღმდეგი ლილუ წავიდოდა, რადგან მისი როლი „სვეტში“ ნებართვების შეთანხმება იყო, და ამ ნებართვას თუ სხვა მოაგვარებდა, ხო ბოლომდე კნინდებოდა რადგან ისედაც ბევრი პრობლემა მის გამო შეექმნა სვეტს“, მისი წილში ყოფნამ გამოიწვია ამდენი პრობლემა, რაც კახის პირადად ლილუაშვილთან იყო და არის მთავარი პრობლემა. მათი სკამების ომს შეეწირა სვეტი. კახი როგორც კი მოვიდა მერიაში, სადაც მანამ მოადგილედ ლილუაშვილი და მის მიერ გაყრილი ყველა კადრი დააბრუნა მათ შორის არქიტექტურის სამსახურში, რომლებიც ხელს უშლიდნენ ლილუს ნებართვების აღებაში. რადგან ამათ ცოტა თვალის დახუჭვას თხოვდა, ხოლო კახიმ ეს ხალხი მოიყვანა ისევ, რათა ინფორმაცია აეღო მათგან.
  3. ლილუს თხოვნები რაში მდგომარეობდა. - მაია ლილუაშვილის წასვლა.
  4. შემდგომ ხდება რომ ლილუს მეუღლე მიდის სვეტიდან და აფუძნებს კომპანიას რომელიც უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვით იქნებოდა დაკავებული. ხოლო ამონაწერში ფიქსირდება მაიასთან ერთად პარტნიორებად გოგოები რომლებიც ფიქსირდებოდნენ, სვეტის სახელფასო გადარიცხვების სიაში და რომლებიც სვეტში გაყიდვებით იყვნენ დაკავებული. ხოლო ეს ნაბიჯი უფრო დე მარში ლილუმ მოაწყო.რადგან დაენგრია სვეტი და განადგურებულიყო დეველოპერულ ბაზარზე. გააკეთა კიდეც ასე, რადგან მისი მეუღლის კომპანია ყიდის დღეს სვეტის მშენებლობას, ბაკურიანში, და რომელიც ქართუ ფონდის მიერ იყო დაფინანსებული აქ კი ლილუს გავლენა ჰქონდა.

დატა ცენტრი ლისზე

სადაც ჯიბლაძემ გიორგი სანაძემ დავით ჭიჭინაძემ და გრიგოლ ლილუაშვილი აწარმოებენ კრიპტოვალუტას,

BTC  ანუ ბიტკოინი იწარმოება რომელიც არის რამდენიმე მილიონის და გამოიმუშავებენ ბევრ კრეპტოს."

ეს არის წერილის სრული შინაარსი, რომელიც „ქრონიკა+“-მა მოიპოვა. წერილი არის გივი ჯიბლაძის ხელნაწერი, (დედანი) და ბუნებრივია, მასზე ექსპერტიზის ჩატარება შესაძლებელია. რაც შეეხება წერილში დასახელებულ პირებს, „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით:

გრიგოლ ლილუაშვილი არის სუს-ის უფროსის მოქმედი მოადგილე;

გიორგი (გოგა) სანაძე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაღალჩინოსანია;

დავით ჭიჭინაძე სუს-ის ანტიკორუფციული დეპარტამენტის სამმართველოს უფროსია.

„ქრონიკა+“ მზადაა, წერილის დედანი  ფინანსურ პოლიციას გადასცეს და  გამოკითხვაზე მთავარი რედაქტორის დაბარებას ელოდება.

„ქრონიკა+“ იმედს იტოვებს, რომ „სვეტის“ დამფუძნებლის მიერ მენაშენეების თანხის მითვისების ფაქტები ბოლომდე იქნება გამოძიებული და ყველა დამნაშავე კანონის მიხედვით დაისჯება!" ნათქვამია "ქრონიკა+"-ის გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 


 

 

ამავე თემაზე