2018-10-03 11:53:17
მთავრობამ ლარის გაუფასურება დაგეგმა - ბიუჯეტში გაცვლითი კურსი განისაზღვრა 

ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტი ცნობილია - მთავრობამ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე წარადგინა. დოკუმენტში განსაზღვრულია ლარსა და დოლარს შორის სავარაუდო გაჩვლითი კურსი, რომლის მიხედვითაც 1 დოლარის ღირებულება  2.63 ლარის ფარგლებშია განსაზღვრული.

2018 წლის ბიუჯეტში ლარი-დოლარის გაცვლითი კურსი 2,59-ის ნიშნულზეა. შესაბამისად, წელს კურსი 2,40-სა და 2-60-ს შორის მერყეობდა. აქედან გამომდინარე, გაისად ლარი დოლარის მიმართ სავარაუდოდ 2,55-დან 2,75-ის დიაპაზონში იტრიალებს.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ლარის კიდევ უფრო ვარდნა  მოსახლეობისა და ბიზნესისთვის უდიდესი დარტყმა იქნება. გაძვირდება საწვავი, პროდუქტები, მედიკამენტები და ბოლოს კომუნალური გადასახადები.

ეკონომიკის ექსპერტები ინფლაციური მაღალ რისკზე ამახვილებენ ყურადღებას.

კომპანია "ფინექს 1970"-ის ანალიტიკოსი ნიკა შენგელია „რეზონანსთან“ საუბრისას განმარტავს, რომ ტრენდი დოლარი/ლარის კოტირებისა, აღმავალია. სტაბილურობის შენარჩუნება 25 დეკემბრიდან დაიწყება, ხოლო იანვრიდან ისევ გაუფასურების ტენდენცია წავა.

"ის, რომ მთავრობამ ბიუჯეტში 2.63 ნიშნული ჩადო, ნიშნავს, რომ ლარი წონასწორობის ახალ ნიშნულზე გადადის. რაც შეეხება ლარის პროგნოზს, უახლოესი 1 თვის განმავლობაში ლარის კურსი დოლარის მიმართ დაახლოებით 2.72 ნიშნულზე იქნება", - აცხადებს შენგელია.

წყარო: "რეზონანსი"

ამავე თემაზე