2018-09-28 10:35:20
ზურაბიშვილი და მმართველი გუნდი - ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება - "საია" "ცესკოს" მიმართავს

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ხელისუფლების მხარდაჭერილი დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატისთვის შესაძლო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბრობს და ცესკოს მიმართავს.

საუბარია, პარლამენტის თავმჯდომარის, დედაქალაქის მერისა და სალომე ზურაბიშვილის ერთობლივ ვიზიტზე გმირთა მემორიალთან, მმართველი გუნდის ლიდერების მხრიდან ოფიციალურ გვერდებზე გავრცელებულ ფოტომასალასა და ინფორმაციაზე.

27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღეს გმირთა მოედანზე, გმირთა მემორიალთან გადაღებულ ერთობლივი ფოტოები დედაქალაქის მერიის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდსა და ვებგვერდზე გავრცელდა.


საია-ში აცხადებენ, რომ ეს ბიუჯეტით დაფინანსებული საკომუნიკაციო საშუალების აგიტაციისთვის გამოყენებაა, რაც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ნიშნავს.

„სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება სააგიტაციო მიზნით არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, შესაბამისად ამ საკითხის შესწავლისა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების მიზნით მივმართავთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას“-აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი რატი თინიკაშვილი.

იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება დადგინდა დედაქალაქის მერია და პარლამენტი  2 000 ლარით უნდა დაჯარიმდნენ.

 

 

ამავე თემაზე