პოლიტიკა
თავდაცვა
2018-09-27 11:14:01
"ხარჯების მატება განაპირობა გარკვეულმა ობიექტურმა გარემოებებმა"- იზორია აუდიტის დასკვნაზე

თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ მის უწყებაში გასულ წელს ხარჯების მატება ობიექტური გარემოებებით იყო გამოწვეული. ლევან იზორიამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი.

„მინდა, საზოგადოებას ცალსახად მივაწოდო ინფორმაცია, რომ ხარჯების მატება განაპირობა გარკვეულმა ობიექტურმა გარემოებებმა. კერძოდ, 2017 წელს ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები. გამოვყოფდი ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტს, რომლის ხარჯების ჯამური ღირებულება შეადგენდა დაახლოებით 400 000 ლარს. ასევე, პირველად 2017 წელს ჩატარდა სამხრეთ აღმოსავლეთის თავდაცვის მინისტერიალი, რაც ასევე დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული, რამაც ჯამურად მოგვცა სწორედ ის განსხვავება, რაც 2016 წლის ბიუჯეტით იყო წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის გათვალისწინებული“, – აღნიშნა ლევან იზორიამ.

მისივე თქმით, მსგავსი ღონისძიებების დაფინანსება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეა მნიშვნელოვანი.

„ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი ღონისძიებების დაფინანსება ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არის მნიშვნელოვანი და ამას ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ. ასე რომ, ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე რომ არის ხარჯების ზრდა, ამას წლევანდელი წარმომადგენლობითი ხარჯებიც მოწმობს, რომელიც 10 თვის მონაცემებით გაცილებით ნაკლებია, ვიდრე შარშან იყო და იქნება გაცილებით ნაკლები ჯამურად, ვიდრე 2017 წელს. თქვენ თუ დააკვირდებით, გასული რვა წლის წარმომადგენლობით ხარჯებს, ნახავთ, რომ დინამიკა ძალიან განსხვავებულია და ეს განპირობებულია მნიშვნელოვანი ღონისძიებების დაფინანსებით“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

აუდიტის დასკვნის მიხეთვით, თაღლითურმა სქემამ, რომელიც თავდაცვის სამინისტროში წლების განმავლობაში მოქმედებდა, სახელმწიფო ბიუჯეტი 200 ათასი ლარით დააზარალა. სამინისტროს საფინანსო სამსახური ფულს ყოფილი თანამშრომლების სახელფასო ანგარიშებზე რიცხავდა, თუმცა სად მიდიოდა  ათი ათასობით ლარი ეს ამ ეტაპზე უცნობია.

უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება დასრულდა და ხუთი პირი მისცეს პასუხისგებაში თუმცა ხუთიდან, მხოლოდ ერთია დაკავებული. 

ლევან იზორიას მინისტრების პერიოდში 62%-ით გაიზარდა წარმომადგენლობით ხარჯები ანუ ფული, რომელსაც მინისტრი წვეულებებისთვის და სხვადასხვა ღონისძიებისთვის ხარჯავს. სახელმწიფო აუდიტი კიდევ ერთ სავარაუდო დანაშაულის შესახებ მიუთითებს. საუბარია, წარმომადგენლობითი ხარჯების არამიზნობრივ ხარჯვასა და შესაძლო კორუფციაზე.

2015 წლის მთავრობის განკარგულების მიხედვით, საბიუჯეტო ორგანიზაციებს გასაწევ ხარჯებზე შეზღუდვები დაუწესდათ, 20 პროცენტით უნდა შემცირებულიყო წარმომადგენლობით ხარჯები. თუმცა თავდაცვის სამინისტროში პირიქით მოხდა. 2017 წელს წინა წლებთან ორჯერ მეტად გაიზარდა ხარჯები.

უწყების ირგვლივ ბოლო დროინდელ არცერთ სკანდალთან დაკავშირებით ლევან იზორია განმარტებებს არ აკეთებს

ამავე თემაზე