2018-09-26 14:05:43
„იბერია“ ბავშვობაში მახსოვს და ახლა გავიგე, რომ ასეთი ტელეკომპანია არის - ანზორ ჩუბინიძე

ანზორ ჩუბინიძე ტელეკომპანია „იბერიასთან“ დაკავშირებით მის წინააღმდეგ გაჟღერებულ ყველა ბრალდებას უარყოფს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით  ტელეკომპანია „იბერიას“ შესახებ ბავშვობაში იცოდა და ახლა გაიგო მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს საკითხი ამოტივტივდა.

"„იბერია“ ბავშვობაში მახსოვს და ახლა გავიგონე, რომ ასეთი ტელეკომპანია არის, ბოდიშს ვიხდი... სამარცხვინოც კი არის, რომ ამ საკითხზე კომენტარი გავაკეთო. არანაირი კავშირი არ მქონია და არ მექნება ასეთ დალაგების მექანიზმებთან. როცა პროკურატურაში გაირკვევა ეს საკითხი, დიდი ალბათობით ჩემთან მიმართებაში კითხვები არც იქნება. სიგარეტის მომხმარებელი არ ვარ და არც „ომეგასთან“ დაკავშირებით არასოდეს არაფერი მსმენია. ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილსაც არ ვიცნობ. მთელ ჩემს სამსახურეობრივ კარიერას ვდებ სასწორზე და ვამბობ - არანაირ მსგავს გარიგებაში მონაწილეობა არ მიმიღია. მზად ვარ, მივიდე ნებისმიერ ადგილას და გავცე ნებისმიერ კითხვას პასუხი“, - განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.

მისივე თქმით, ამ „აბდაუბდაზე თავის მართლებას არ გეგმავს“. როგორც ჩუბინიძე განმარტავს, მიუხედავად ჩანაწერების გავრცელებისა, მას სპორტის ყოფილ მინისტრ ლევან ყიფიანთან საუბარი არ ჰქონია და არაფრის გარკვევას არ გეგმავს.  ჩუბინიძე ბიძინა ივანიშვილტან კომუნიკაციასაც უარყოფს. 

 

ამავე თემაზე