2018-09-25 16:34:52
"ვერ ვსარგებლობთ მერის კაბინეტით, ვერ ვიყენებთ ბეჭედს" - ზესტაფონის მერს კაბინეტში არ უშვებენ

ზესტაფონში კვირაზე მეტია ქალაქის მერს კაბინეტში შესვლის უფლებას არ აძლევენ. კახაბერ მახათაძის გადადგომის მოთხოვნით, ათამდე მოშიმშილეს ზესტაფონის მერიის შენობაში ბლოკირებული აქვს მერის კაბინეტი. მოშიმშილეები ზესტაფონის მერს კორუფციაში ადანაშაულებენ და მის გადადგომას ითხოვენ.
 

მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, ეკა დუგლაძე ამბობს, რომ მოშიმშილეების უმრავლესობას ის ადამიანები წარმოადგენენ, რომლებსაც ახალი წლიდან ზესტაფონის მერიაში ხელშეკრულებები აღარ გაუგრძელდათ და რომ მათ უკან კონკრეტული ადამიანები დგანან. მისი თქმით, თუ პროტესტი ამ ფორმით გაგრძელდა, მაშინ ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ყველა სამართლებრივი ზომა პროცესების დასარეგულირებლად.

"არის ვიღაც, ვისაც არ აწყობს ზესტაფონში დალაგებული სიტუაცია. ეს ადამიანები თავიდანვე კახას მოსვლის წინააღმდეგი იყვნენ და ეს პროცესები თავიდან ბოლომდე არის მართული. ერთ კვირაზე მეტია პარალიზებულია მერიის მისაღები, ვერ ვსარგებლობთ მერის კაბინეტით, ვერ ვიყენებთ ბეჭედს, პროცესები სრულად გასცდა სამართლებრივ ჩარჩოებს. დღე და ღამე აქ არიან, ფაქტობრივად უმართავია სიტუაცია მერიის შენობაში. ჩვენ ვერიდებით სიტუაციის დაძაბვას, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, უნდა დაგვიცვას ხელისუფლებამ და გამოიყენოს ყველა სამართლებრივი ბერკეტი", - ამბობს ეკა დუგლაძე.

 

ამავე თემაზე