2018-09-24 18:41:13
იმპიჩმენტის შესახებ კანონთან დაკავშირებული ცვლილება მხოლოდ ტექნიკურია - კობახიძე

იმპიჩმენტის შესახებ კანონთან დაკავშირებული ცვლილება მხოლოდ ტექნიკურია და იმპიჩმენტის საკითხის ცალკე კანონის ნაცვლად, პარლამენტის რეგლამენტით დარეგულირებას ითვალისწინებს - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე. მისი თქმით,  არსებითი სახის ცვლილება ამ მხრივ არ იქნება. 

"კანონის რანგი რჩება იგივე და საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებიც რჩება ზუსტად იგივე“ ამბობს კობახიძე. 

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი იმპიჩმენტის რეგულირების საკითხების პარლამენტის რეგლამენტში გადასვლას და ”იმპიჩმენტის შესახებ“ სპეციალური კანონის გაუქმებას   მიზანშეუწონლად მიიჩნევს . ნაცვლიშვილის შეფასებით, იმპიჩმენტი არამხოლოდ სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური ინსტრუმენტიცაა და მიზანშეწონილი იყო, საკითხი კვლავ სპეციალური კანონით ყოფილიყო დარეგულირებული.

“იმპიჩმენტის საკითხები საქართველოს კონსტიტუციით და “იმპიჩმენტის შესახებ“ სპეციალური კანონით რეგულირდებოდა. ახლა მოხდება ისე, რომ სპეციალური კანონი “იმპიჩმენტის შესახებ“ გაუქმდება და საკითხები, რომლებსაც სპეციალური კანონი არეგულირებდა, პარლამენტის რეგლამენტში გადავა. ჩვენ არ მიგვაჩნია ამგვარი ცვლილება მიზანშეწონილად იმიტომ, რომ იმპიჩმენტი თავისი ბუნებით არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ ასევე პოლიტიკური ინსტრუმენტია, ის შეიძლება შეეხოს უმაღლესი თანამდებობის პირებს, არის საკმაოდ სენსიტიური საკითხების მომწესრიგებელი თემა. მიზანშეწონილი იყო, რომ ეს საკითხები ყოფილიყო დარეგულირებული კვლავ სპეციალური კანონით იმის გათვალისწინებითაც, რომ იმპიჩმენტის განხორციელებას სჭირდება არამხოლოდ პარლამენტის მონაწილეობა, არამედ ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს ჩართულობა. მისი განხორციელება მხოლოდ ერთი ინსტიტუტის მონაწილეობას არ ითვალისწინებს“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა “იმპიჩმენტის შესახებ" კანონის გაუქმების შესახებ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს

ამავე თემაზე