2018-09-21 17:42:58
თბილისში საქართველო-ყაზახეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართება

2018 წლის 24 სექტემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ყაზახეთის საერთაშორისო ვაჭრობის პალატის ორგანიზებით თბილისში,  სასტუმრო „Radisson BluIveria“-ში საქართველო-ყაზახეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართება.

ღონისძიების მიზანია საქართველოსა და ყაზახეთის ბიზნეს-სექტორებს შორის კომუნიკაციის დამყარება და ამ გზით ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ხელშეწყობა. ფორუმის ფარგლებში გაიმართება ბიზნესის ორმხრივი შეხვედრები ქართულ და ყაზახურ კომპანიებს შორის

ღონისძიებაში მონაწილეობას 12 ყაზახური კომპანია მიიღებს. ჩეხეთის ბიზნეს-დელეგაციის წევრი კომპანიები წარმოადგენენ შემდეგ სფეროებს: საგზაო ინფრასტრქტურა, ქიმიური მრეწველობა, სამთო მრეწველობა, ელექტრომოწყობილობების წარმოება, კომერციული აღჭურვილობების გაყიდვა და სხვ.

ფორუმის პირველ ნაწილში ყაზახური დელეგაციისთვის გაიმართება პრეზენტაციები საქართველოს სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალის შესახებ. ასევე, ქართული ღვინის, სოფლის მეურნეობის სექტორის საინვესტიციო პოტენციალისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შესახებ.

ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ყაზახეთის საერთაშორისო ვაჭრობის პალატას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, რომლის მიზანიც მხარეებს შორის თანამშრომლობის გამყარებაა, ბიზნეს-სექტორების კომუნიკაციისა და ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ხელშეწყობის მიმართულებით.

2018 წლის იანვარი-ივლისის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და ყაზახეთს შორის წინა წელთან შედარებით, გაიზარდა 67%-ით და განისაზღვრა 77 მლნ. აშშ დოლარით, რამაც შეადგინა საქართველოს სავაჭრო ბრუნვის 1,1%. კონკრეტულად:  ექსპორტი გაიზარდა 29%-ით და განისაზღვრა 39,8 მლნ. აშშ დოლარით, რამაც შეადგინა საქართველოს ექსპორტის 2,1%. რეექსპორტის წილი მთლიან ექსპორტში წარმოადგენს 46% და შეადგენს 18,3 მლნ. აშშ დოლარს. იმპორტი კი გაიზარდა 75%-ით და განისაზღვრა 37.2 მლნ. აშშ დოლარით, რამაც შეადგინა საქართველოს იმპორტის 0,7%.

 

 

ამავე თემაზე