2018-09-20 19:30:41
ქალები და მშვიდობა: ხელოვნება, როგორც კომუნიკაციის საშუალება კულტურების გზაჯვარედინზე

21 სექტემბერს, 15 საათზე, მშვიდობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, საქართველოს პარლამენტის შენობაში, (თბილისი, თამარ მეფის სახელობის დარბაზი,  A კორპუსი, 0 სართული) დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მხარდაჭერითა და „მაჰათმა განდის ფონდი - საქართველოს“ ინიციატივით,  დრამატული პერფორმანსი გაიმართება.  პერფორმანსს რეჟისორები რამა მანი, (ცნობილი ფრანგი/ინდიელი რეჟისორი) და   ირაკლი გოგია, ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დადგამენ და მასში მონაწილეობას მიიღებს 15 ხელოვანი ქალი კონფერენციიდან „ქალები და მშვიდობა“

„ქალები და მშვიდობა“ არის ქალთა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც გაიმართა 15-დან 20 სექტემბრის ჩათვლით აჭარის რეგიონში, ქობულეთში. პროექტის მიზანია ხელოვანმა ქალებმა აჩვენონ თუ როგორ იბრძოდნენ ქალები მშვიდობისა და გენდერული თანასწორობისათვის, როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. პერფორმანს კი საფუძვლად დაედო ყველა ის ისტორია, რომელიც მონაწილე ქალებმა  ერთმანეთს კონფერენციის პერიოდში გაუზიარეს.

კონფერენციაში მონაწილეობს 50 ქალი მსოფლიოს 15 ქვეყნიდან:  გერმანია, შვედეთი, შვეიცარია, საფრანგეთი, სერბეთი, ინდოეთი, ეგვიპტე, ირანი, სენეგალი, ფილიპინები, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი.

კონფერენცია ტარდება ჯაიჯაგატი 2020 კამპანიის ფარგლებში, რომელიც ეძღვნება მაჰათმა განდის 150 წლისთავის აღნიშვნას მსოფლიოში.

 ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან საკანონმდებლო  და აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. 

ამავე თემაზე