2018-09-20 10:51:29
არჩევნები პირველივე ტურში, სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებით დასრულდება - მდინარაძე

28 ოქტომბერს არჩევნები პირველივე ტურში „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებით დასრულდება - ამბობს მამუკა მდინარაძე. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან სალომე ზურაბიშვილის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა და საზოგადოებას წინა ხელისუფლების ქმედებები შეახსენა.

„გეტყვით რა დაზიანებები აქვს ქვეყანას მათი ღალატის შედეგად – მაამებლური განცხადებებით რომ დაიწყო 2004 წლიდან და გაგრძელდა 30-ზე მეტი სტრატეგიული ობიექტის გასხვისებით რუსულ კომპანიებზე. ეს გაგრძელდა შემდეგ დაკარგული კოდორით, რომელსაც ზემო აფხაზეთი უწოდეს, დაკარგული და რუსეთის მიერ აღიარებული ტერიტორიებით, დამატებით 150 დაკარგული დასახლებული პუნქტით და პროვოკაციაზე წამოგებით, რამაც კიდევ უფრო გაუხსნა ხელ-ფეხი რუსეთს რომ თავისი საოკუპაციო პოლიტიკა ეწარმოებინა საქართველოს მიმართ და თავისი ისტორიული ზრახვები კიდევ ერთხელ აღესრულებინა ჩვენ ქვეყანაში. და ეს ადამიანები ლაპარაკობენ ღალატზე, რომელიც უნდა სხვას დააბრალონ ამ ყველაფრის შემდეგ. ხალხი არ მოტყუვდება! ქალბატონმა სალომემ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირა ვინ არის ოკუპანტი და ვინ არის დამნაშავე ამ ორ სახელმწიფოს შორის ომში, ეს არის რუსეთი და ეს არ გადაიხედება!

28 ოქტომბერს არჩევნები პირველივე ტურში „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებით დასრულდება და ამას უზრუნველყოფს ქართველი ამომრჩეველი, ამას უზრუნველყოფს ის ხალხი, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ ძალიან მყარად ედგა გვერდით და ისინი ასევე გააგრძელებენ ჩვენ მხარდაჭერას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამავე თემაზე