2018-09-19 18:10:22
სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი საგარეო ვაჭრობის გაზრდილ სტატისტიკას აფასებს

„სასიხარულოა, რომ 2018 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22,6 პროცენტით არის გაზრდილი, კონკრეტულად ექსპორტის მაჩვენებელი კი წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 27,1 პროცენტით აღემატება. განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა ვაჭრობის ზრდას ევროკავშირთან.  სავაჭრო ბრუნვა ამ მიმართულებით   25.2%-ით არის გაზრდილი და 1 644.5 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, რაც საქართველოს სავაჭრო ბრუნვის 27.5%-ია.“-  ასე აფასებს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკას საგარეო სავაჭრო ბრუნვასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სავაჭრო ბრუნვის ზრდაში გარკვეულ როლს საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნების ბიზნეს-წრეებს შორის კომუნიკაციის გააქტიურებაც ასრულებს.

 „ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებები,  რომლებიც ამ დროისთვის მოქმედებს. მალე ამოქმედდება კიდევ ერთი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ჰონგ-კონგთან და ვფიქრობ ესეც დადებით გავლენას მოახდენს აღნიშნული მიმართულებით.  ვფიქრობ, სავაჭრო ბრუნვის ზრდაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნების ბიზნეს-წრეებს შორის კომუნიკაციის გააქტიურებაც. ეს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა დაა მოხარულები ვართ, რომ ბიზნეს-პარტნიორების მოძიებისა და საერთაშორისო ბიზნეს-კომუნიკაციის დასამყარებლად საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პლატფორმას ბიზნესი აქტიურად იყენებს. ჩვენ ყოველწლიურად საქართველოში და საზღვარგარეთ 20-მდე ბიზნეს-ფორუმს ვუწევთ ორგანიზებას, ასევე საერთაშორისო პარტნიორების მოძიების კუთხით ბიზნეს სხვადასხვა მომსახურებას ვთავაზობთ. მოხარულნი ვართ, თუ ამ გზით გარკვეული წვლილი შეგვაქვს ბიზნეს-სექტორებს შორის კომუნიკაციის დამყარებაში“ - აცხადებს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი.

ამავე თემაზე