2018-09-19 14:22:51
„სამუშაო ჯგუფში არ ჩავერთვებით... პრემიერ-მინისტრს რატომ უნდა შევხვდეთ, რას წყვეტს?!" - მეუფე იაკობი

საპატრიარქო კანაფის კულტივაციის საკითხზე ხელისუფლებასთან კონსულტაციების ფორმატში ჩართვას არ აპირებს.  

მეუფე იაკობი ეკა ბესელიას განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში შესაძლოა, სამუშაო ფორმატი შეიქმნას.

„არანაირ სამუშაო ჯგუფთან ჩვენ კავშირი არ გვექნება. ჩვენ ჩვენი პოზიცია გავახმოვანეთ და ისიც ვთქვით, რა პოზიცია გვექნება იმ შემთხვევაში, თუ მაინც ასეთ ძალადობრივ ნაბიჯზე წავლენ. ჩვენ არავითარ დათმობაზე წამსვლელები არ ვართ. არ მივიღებთ კონსულტაციებში მონაწილეობას, ან ვის დავუჯდე და რა თემაზე უნდა ვილაპარაკოთ?! უნდა მიმტკიცოს, რომ ქვეყნისთვის კარგია, თუმცა მე ვიცი, ეს რაც არის. შესაბამისად, ჩვენი პოზიცია უკვე დავაფიქსირეთ“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

მისივე შეფასებით, საპატრიარქო არ აპირებს ამ თემაზე არც უშუალოდ პრემიერ-მინისტრთან საუბარს.

„პრემიერ-მინისტრს რატომ უნდა შევხვდეთ, რას წყვეტს?! ეს არის უჭკუო გადაწყვეტილება და უტვინოდ გაკეთებული საქმე“, - აღნიშნა მეუფემ.

ამასთან, ბოდბელი ეპისკოპოსის თქმით, იქამდე, ვიდრე კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა შეჩერებულია, საპატრიარქო არ აპირებს, მრევლს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდოს.

„ჯერ რა საჭიროა, ვინაიდან კანონპროექტის განხილვა გაჩერებულია. ჩვენ სახელმწიფო გვიყვარს და არ დავაზიანებინებთ ჩინოვნიკებს ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ვართ ქვეყნის მოყვარული ხალხი“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

„ინტერპრესნიუსი“

ამავე თემაზე