2018-09-19 11:29:33
"საიამ" მარიხუანასა და კანაფის მოხმარებასთან დაკავშირებით ინიცირებულ კანონპროექტზე პარლამენტს მოსაზრებები წარუდგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებულ და საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ საქართველოს კანონების პროექტებზე საქართველოს პარლამენტს წერილობითი მოსაზრებები წარუდგინა.

"კანონპროექტის თანახმად, დგინდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მცენარე მარიხუანას უკანონო შეძენის, შენახვის, გადაზიდვის ან/და გადაგზავნისთვის, ასევე, ამავე კოდექსით გათვალისწინებულ ადგილებში ან ვითარებაში მცენარე კანაფის ან მარიხუანას მცირე ოდენობით მოხმარებისთვის. აღნიშნული პაკეტითვე განსაზღვრულია მცენარე კანაფის ან მარიხუანას მცირე ოდენობით მოხმარებისთვის სამოქალაქო უფლებების ჩამორთმევისა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხები.

საია, ერთი მხრივ, მიესალმება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებასთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანის მცდელობას, თუმცა, მიგვაჩნია, რომ ნორმათა შემადგენლობის ცალკეული ნაწილები მათი განუჭვრეტადობისა და ბუნდოვანების გამო, არაკონსტიტუციურია, ხოლო ნორმათა ცალკეული ნაწილები შესაბამისობაში არ არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებასთან:

- იმ პირობებში, როდესაც არც მოქმედი კანონმდებლობა და არც კანონის პროექტი არ ითვალისწინებს მცენარე კანაფის კანონიერად შეძენის, შენახვის, გადაზიდვის ან გადაგზავნის სამართლებრივ საფუძვლებს, რაც წარმოადგენს მოხმარების წინაპირობას, ნორმის შინაარსი ბუნდოვანია, ხოლო ქმედების შედეგი - განუჭვრეტადი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონის პროექტმა უნდა გაითვალისწინოს მცენარე კანაფის ან მარიხუანის კანონიერად შეძენის, შენახვის, გადაზიდვის და გადაგზავნის საფუძვლები;

- კანონი გამორიცხავს მცირე ოდენობით მარიხუანის ნებისმიერი ფორმით შეძენის შესაძლებლობას და მას მთლიანად უკანონოდ აცხადებს, რის გამოც, პირი იძულებული ხდება, გაიაროს უკანონო პროცედურა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით სარგებლობისთვის, რაც არაპირდაპირ გულისხმობს მარიხუანას მოხმარების დასჯადობას;

- კანონის პროექტით არასრულწლოვნებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება იმ ქმედებისთვის, რომელიც დასჯადს არ წამოადგენს სრულწლოვანი პირისთვის, გაუმართლებელია;

- არ უნდა გამოვრიცხოთ შემთხვევები, როდესაც პირმა მარიხუანა მოიხმარა არასრულწლოვნის დაუსწრებლად, მაგრამ მისგან ობიექტურად დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ის აღმოჩნდა ზემოქმედების ქვეშ არასრულწლოვანთან ერთად. ამ შემთხვევაში, დაუშვებელია პირის მხრიდან პასუხისგება იმ ქმედებაზე, რაც მისი ბრალით არ დამდგარა;

- მარიხუანას და მცენარე კანაფის შემთხვევაში თამბაქოს მსგავსი რეგულაციების პირდაპირ დაწესება მიზანშეუწონელია, რადგან დაწესებულებას შეიძლება არ გააჩნდეს შესაბამისი კომპეტენცია იმის დასადგენად, თუ რის ზემოქმედების ქვეშ იმყოფება პირი. აგრეთვე გაურკვეველია, თუ რა იგულისხმება შესაბამისი ზომების მიღებაში;

- მცენარე კანაფის ან მარიხუანას მოხმარების შემთხვევაში სამოქალაქო უფლებათა ჩამორთმევის შესაძლებლობის მიცემა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე, ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს;

- სისხლის სამართლის კოდექსის 272-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ზღვრის 18-დან 21 წლამდე აწევა საჭიროებს დამატებით დასაბუთებას და მსჯელობას, თუ რამდენად გამომდინარეობს იგი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ან რამდენად არის შესაბამისობაში საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან;

- მცენარე კანაფის ან მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის პასუხისმგებლობა უნდა განისაზღვროს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის პასუხისმგებლობის მსგავსად.

საია მიმართავს პარლამენტს, წარმოდგენილ კანონპროექტზე მსჯელობისას გაითვალისწინოთ დასკვნაში ასახული მოსაზრებები და შენიშვნები.

 

ამავე თემაზე