2018-09-18 13:47:43
"მოწმეები ცრუობენ..." - ადვოკატია ჭანტურიას საქმეში შსს-სა და სასამართლოს დარღვევებზე საუბრობს

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურია არის ცრუ ბრალდების მსხვერპლი-ამის შესახებ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ "პირველი რადიოს" რადიოკლიბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, შსს გამოძიებას ტენდენციურად აწარმოებს და რეალურ დამნაშავეებზე თვალს ხუჭავს. მისივე თქმით, ყველა დარღვევაზე, რასაც შსს ახორციელებს, პირდაპირ ჩართულია რუსთავის საქალაქო სასამართლო.

„საქმეში არიან მოწმეები, რომელთა ჩვენებებიც არსებითაც ეწინააღმდეგება ერთმანეთს და ეწინააღმდეგება ამ მოწმეთა მიერ ადრე მიცემულ ჩვენებებს. სამწუხაროდ, ამ პროცესში აქტიურად ჩაერთო რუსთავის საქალაქო სასამართლო. ჩვენ მივმართეთ რუსთავის საქალაქო სასამართლოს მთელი რიგი შუამდგომლობებით, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში დადგინდებოდა რეალობა. დადგინდებოდა, რომ მოწმეები ცრუობენ, დადგინდებოდა, რომ გიორგი ჭანტურიას წინააღმდეგ რეალური, ობიექტური მტკიცებულება არ არსებობს, თუმცა მოსამართლეებმა: ეკატერინე პართენიშვილმა და ქეთევან ბლიაშვილმა უარი განაცხადეს მართლმსაჯულების განხორციელებაზე და სრულიად ბრიყვული, სამართლებრივად ბეცი გადაწყვეტილებებით არ დააკმაყოფილეს ჩვენი შუამდგომლობები. ამით წინააღმდეგობაში მოვიდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებთან, ასევე წინააღმდეგობაში მოვიდნენ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციასთან.

სასამართლომ დაცვის მხარეს არ მისცა შესაძლებლობაც კი, რომ საკმარისი დრო გვქონოდა დაცვის მოსამზადებლად. ჩვენ ორი თვის ვადით ვითხოვეთ საქმეზე წინასასამართლო მოსმენის გადადება და ეს მოთხოვნა ნაწილობრივაც კი არ დააკმაყოფილა სასამართლომ. ეს ხდება ერთადერთი მიზნით - გიორგი ჭანტურიას წინააღმდეგ საქმე არის „შეკერილი“. ამ „შეკერილ“ საქმეში, ადვოკატები ვცდილობთ მოვიპოვოთ მტკიცებულებები, რაც აღმოაჩენს, რომ შსს რეალურ დამნაშავეებს ხელს აფარებს“, - განაცხადა ბასილაიამ.

მისი თქმით, ჭანტურია ამ საქმეში დევნის მსხვერპლია, რაზეც დაცვის მხარე კონკრეტულად სასამართლო პროცესზე ისაუბრებს. რაც შეეხება იმ იარაღებს, რომელიც გამოძიების მიხედვით ჭანტურიას სახლის ჩხრეკისას იქნა ამოღებული, ადვოკატი ამბობს,რომ ამასთან დაკავშირებითაც სერიოზული კითხვის ნიშნები არსებობს.

რაც შეეხება საქმეში არსებულ ფარულ ჩანაწერს, ბასილაია ამბობს, რომ ჩანაწერის ერთ-ერთი მონაწილე არის შსს-ს წარმომადგენელი, პატრული, რომელიც წინასწარ და დაგეგმილად ახდენს გარკვეულ მაპროვოცირებელ ქმედებებს.

შეგახსენებთ, რომ გენერალი, ყოფილი პარლამენტარი სამსონ ქუთათელაძე 15 იანვარს, რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში, საკუთარ სამუშაო კაბინეტში მოკლეს. მას 6 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.

 

ამავე თემაზე