2018-09-18 11:13:41
ბათუმში პროფესიული განათლების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, ბათუმში სახელმწიფო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ადგილობრივ ბიზნეს-სექტორს შორის პროფესიული განათლების შესახებ დისკუსია გაიმართა. ღონისძიება  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა  ნინო ჩიქოვანმა გახსნა.

აღნიშნული  შეხვედრის ფარგლებში საგანმანათლებლო დაწესებულებებმა პროფესიული კვალიფიკაციების პრეზენტაციები გამართეს.  მსჯელობის საგანი იყო ასევე კვალიფიციური კადრების მიმართულებით ბიზნეს-სექტორის საჭიროებები. შეხვედრაში მონაწილეობა 10-მდე საგანმანათლებლო დაწესებულებამ მიიღო, რომლებიც პროფესიულ პროგრამებს ახორციელებენ.

შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში გაიმართა. აღნიშნული პროექტის მიხედვით  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან შეიქმნა დუალური პროფესიული განათლების საკოორდინაციო საბჭო, რომლის მიზნებიც საქართველოში სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პოპულარიზაცია, დუალური პროფესიული განათლების შესახებ საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმის შექმნა  და  კერძო სექტორსა და  პროფესიულ სასწავლებლებს შორის კოორდინაციის ხელშეწყობაა. საბჭოს წევრები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს,   დარგობრივი  ბიზნეს-ასოციაციებისა და   დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე,  საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები არიან.

ამავე თემაზე