სიახლეები
მთავარი სიახლე
2018-09-14 15:26:31
"თავისუფალი განათლება"- "გირჩი" ალტერნატიული განათლების სისტემას ქმნის

"გირჩი" განათლების სისტემის ფუნდამენტური ცვლილებისთვის იწყებს ბრძოლას. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. 

" ჩვენ გირჩელებს გვყავს შვილები, ჩვენ გვიყვარს ჩვენი შვილები და ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ჩვენი შვილები მივანდოთ ამ სისტემას, ამიტომ, ჩვენ ვიწყებთ გირჩის ისტორიაში, ალბათ, ყველაზე მასშტაბურ პროექტს, რომელსაც პირობითი სახელწოდება აქვს - თავისუფალი განათლება და ჩვენ შევქმნით ამ ქვეყანაში არსებული სახელმწიფო განათლების სისტემის ალტერნატიულ განათლების სისტემას. ეს იქნება თავისუფალი განათლების სისტემა," - თქვა ჯაფარიძემ. 

ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, დღეს განათლების მინისტრისა და მთავრობის სხვა წარმომადგენლების მიერ გამართულ პრეზენტაციაზე კარგად გამოიკვეთა ის მთავარი პრობლემები, რომლის წინაშეც დღევანდელი განათლების სისტემა დგას. 

"მთავარი პრობლემა, რომელიც არ ესმის არც პრემიერმინისტრს, არც მთავრობის წევრებს და, მათ შორის, არც განათლების მინისტრს, არის ის, რომ მანამ, სანამ ქვეყანაში არსებობს ერთიანი უნიფიცირებული სისტემა, სადაც ადამიანების, ბიუროკრატების ჯგუფი ერთი სამინისტროს შიგნით წყვეტს, როგორი უნდა იყოს განათლება და რა არის განათლება, როგორც პროდუქტი და ისინი განსაზღვრავენ, როგორ უნდა მოამზადონ ბავშვები მომავლისთვის, რომლის პროგნოზირებაც არავის არ შეუძლია, მანამდე ეს პრობლემები იარსებებს," - ამბობს ზურა ჯაფარიძე. 

ახალ პროექტთან დაკავშირებით დამატებითი დეტალებზე ჯაფარიძე  17 სექტემბერს, პრეზენტაციაზე ისაუბრებს.  

ამავე თემაზე