2018-09-14 14:25:12
ომბუდსმენს ნინოწმინდის პანსიონატში ბავშვებთან, უფროსების დასწრების გარეშე გასაუბრების უფლება არ მისცეს

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს, ნინოწმინდის წმინდა ნინოს ბავშვთა პანსიონატში, ბავშვებთან, უფროსების გარეშე გასაუბრების საშუალება არ მისცეს. ამასთან დაკავშირებით, ომბუდსმენი ნინო ლომჯარია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას და წერს, რომ სახალხო დამცველის ბავშთა ცენტრის წარმომადგენლები წლებია ახორციელებენ ყველა რელიგიური კონფესიის მიერ შექმნილი ბავშთა პანსიონების რეგულარულ მონიტორინგს. ნინოწმინდის პანსიონატის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების მიზეზი კი ლომჯარიას შეფასებით, მისი და მისი აპარატის მისამართით აგორებული დეზინფორმაციული კამპანია გახდა: 

"ახალი არ არის, რომ ჩემ მიმართ დეზინფრმაციულ კამპანიას მიზანმიმართულად ეწევიან გარკვეული ჯგუფები, თუმცა, გუშინგელ ფაქტს რამოდენიმე მიზეზის გამო მინდა გამოვეხმაურო: პირველ რიგში, მიმაჩნია, რომ საპატრიარქოს წარმომადგენლებს და სასულიერო პირებს სხვებზე მეტად მოეთხოვებათ არ გაავრცელონ პირის მიმართ ცილისმწამებლური ინფორმაცია და ცრუ ბრალდება და ხელი არ შეუწყონ სიძლვილისა და აგრესიის გაღვივებას, მით უფრო, როცა მსგავსი ინფორმაციის გავრცელებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისეთი მუქარებიც მოსდევს, როგორიცაა - ტყვიის შუბლში დახლა, გინება და ფიზიკური ანგარიშსწორება და ა.შ. რაც წესით, რელიგიური და მორწმუნე ადამიანისთვის და მითუმეტეს საპატრიარქოს წარმომადგენლებისთვის მიუღებელი უნდა იყოს, თუმცა, სამწუხაროა, რომ თუნდაც ამ პოსტის ქვეშ არსებულ მსგავსი მუქარების მიმართ, როგორც ჩანს, პოსტის ავტორები შემწყნარებლები რჩებიან. მინდა დავამატო, რომ სახალხო დამცველის მიმართ საპატრიარქოში არსებულ ყველა შეკითხვაზე ვრცლად ვისაუბრე საპატრიარქოს ტელევიზიაში, რომელთა მიწვევასაც სიამოვნებით დავთანხმდი, რადგან მესმის, რომ შესაძლებელია კითხვები არსებობდეს სახალხო დამცველის საქმიანობის მიმართ და მიმაჩნია, რომ ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით სახალხო დამცველის და საპატრიარქოს თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, სამწუხაროა, რომ გადაცემის ჩაწერიდან 3 თვის შემდეგაც კი გადაცემა ეთერში ვერ გავიდა, მიუხედავად იმისა, რომ მალევე უნდა გასულიყო...

თუმცა, ჩემ მიმართ აგორებული კამპანია მეორეხრისხოვანია იმ ზიანთან მიმართებით, რასაც მსგავსი შემთხვევები იწვევს და მინდა გუშინდელ ფაქტთან დაკავშრებით განმარტება გავაკეთო: სახალხო დამცველის ბავშთა ცენტრის წარმომადგენლები წლებია ახორციელებენ ყველა რელიგიური კონფესიის მიერ შექმნილი ბავშთა პანსიონების რეგულარულ მონიტორინგს. მონიტორინგის მეთოდოლოგია გულისხმობს პანსიონში მცხოვრებ ბავშვებთან უშუალო გასაუბრებასაც, რადგან ბავშვის უშუალო მონაწილეობისა და ჩართულობის, მისი აზრის, განწყობების, წუხილების, სურვილების გათვალისწინების გარეშე არ უნდა შეფასდეს ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა. 12 სექტემბერს ნინოწმინდის პანსიონშიც ჩვენ მონიტორინგი როგორც ყოველთვის, დაუბრკოლებლად განვახორციელეთ, თუმცა, როდესაც მონიტორინგის წევრებმა სცადეს ბავშვებს უშუალოდ, უფროსების თანდასწრების გარეშე გასაუბრებოდნენ, პანსიონის ხელმძღვანელობან მათ ამის საშუალება არ მისცეს. გამომდინარე იქიდან, რომ მონიტორინგი დასრულებული იყო, ჩვენმა წარმომადგენლებმა პანსიონი დატოვეს. ცოტა ხანში ეს განცხადებაც გავრცელდა...

ამ ისტორიაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არა ის ფაქტია, ვინ რა ცილისმწამებლურ განცხადებას ავრცელებს თუნდაც ჩემი ან ჩემი აპარატის თაობაზე, არამედ, ის, თუ რატომ არ ისურვეს პანსიონის ხელმძღვანელობამ მიეცათ ბავშვებისთვის შესაბამისი კვალიფიკაციის და გამოცდილების მქონე ჩვენი წარმომადგენლებისთვის დამოუკიდებლად გასაუბრების საშუალება. პანსიონის წარმომადგენლებმა ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენ არასოდეს გაგვიწევია ან ვეწევით რაიმე პროპაგანდას, მითუმეტეს ბავშვებთან. შესაბამისად, ბუნებრივად მიჩნდება კითხვა, რატომ არ სურს ვიღაცას ბავშვებმა ჩვენთან პირისპირ ისაუბრონ? ამის საპასუხოდ და ამ ფაქტის გადასაფარად აგორებული ცილისმწამებლური კამპანია, უბრალოდ, რბილად რომ ვთქვათ, გულსატკენია და სახიფათოც...

ჩემთვის, როგორც სახალხო დამცველისთვის, ბავშვთა უფლებების დაცვა არის და იქნება ყველაზე პრიორიტეტული მიმართულება და ჩვენ ეს არაერთხელ დავამტკიცეთ. იმედს გამოვთქვამ, რომ ეს ფაქტი არ წაახალისებს მათ შორის სხვა რელიგიური კონფესიების ბავშვთა პანსიონატების წარმომადგენლებს, ხელი შეგვიშალონ მონიტორინგის განხორციელებაში (ისევე, როგორც ეს წლების წინ ხდებოდა). იმედი მაქვს საპატრიარქო მომხდართან დაკავშირებით რეაგირებას მოახდენს." წერს ნინო ლომჯარია.

თავად პანსიონატმა კი 12 სექტემბერს, "ფეისბუქზე" დაწერა:

"დღეს, 12 სექტემბერს, საქართველოს საპატრიარქოს ჯავახეთის ქ. ნინოწწმიდის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლში მოსული იყვნენ სახალხო დამცველის (ნინო ლომჯარია) აპარატის თანამშრომლები. მათ მოითხოვეს ბავშვებთან გასაუბრება. რადგანაც სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საჯაროდ ითხოვს ჰომოსექსუალიზმის და ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას საქართველოში და ეწევა ასეთი გახრწნილების და მომაკვდინებელი ცოდვების პროპაგანდას,ამიტომ ბავშვთა სახლის ხელმძღვანელობამ ამ აპარატის თანამშრომლებს გამოუცხადა უნდობლობა და მოსთხოვა რომ ამ გასაუბრებას დასწრებოდნენ ბავშვთა სახლში მომსახურე სამღვდელოება და ბავშვთა სახლის ზედამხედველი. სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა ამ მოთხოვნის შესრულებაზე უარი განაცხადეს. მაშინ ბავშვთა სახლის ხელმძღვანელობამ მათ მოსთხოვა ბავშვთა სახლის ტერიტორიის დატოვება. სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა დასტოვეს ბავშვთა სახლის ტერიტორია." წერია პანსიონატის ინფორმაციაში. 

 

ამავე თემაზე