პოლიტიკა
2018-09-14 13:33:56
“კოკა-კოლას” დირექტორი: სალომე ზურაბიშვილი ყველაზე ღირსეული კანდიდატია

“კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” დირექტორი ვახტანგ ლაღიძე სალომე ზურაბიშვილისთვის თანხის შეწირვის მიზეზებს განმარტავს. მისი განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის წარდგენილ კანდიდატთა შორის ყველაზე ღირსეულია.

“ბევრი ღირსებული კანდიდატია, მაგრამ მე ვთვლი, რომ სალომე, მაინც, ყველაზე უფრო ღირსეულია. ვიცნობ დიდი ხანია, ვიცი, რომ უყვარს ეს ქვეყანა და უნდა, ბევრი კარგი რაღაც გააკეთოს”, – უთხრა ლაღიძემ “ნეტგაზეთს”.

კითხვაზე, განაპირობა თუ არა მისი ნაბიჯი მმართველი გუნდის მხრიდან ზურაბიშვილის მხარდაჭერა, ლაღიძემ უპასუხა, რომ ეს ფაქტორი არაფერ შუაშია:

“ქალბატონ სალომე ძალიან დიდი ხანია ვიცნობ, არაფერ შუაში არ არის მმართველი გუნდი. ვიცი მისი წარსული, მისი სურვილები და შემართება”.

“ნეტგაზეთი” ასევე დაინტერესდა, იზიარებს თუ არა “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” დირექტორი სალომე ზურაბიშვილის შეხედულებას აგვისტოს ომთან დაკავშირებით. ლაღიძის განცხადებით, საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებებზე აჟიოტაჟი “ტყუილადაა ატეხილი”.

“აგვისტოს ომთან მიმართებაში მან გააკეთა განმარტება და მგონი, მისაღებია ყველასთვის. ტყუილად არის აჟიოტაჟი ატეხილი, ისეთი არაფერი უთქვამს”, – განაცხადა მან.

“კოკა კოლადან” “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ ვახტანგ ლაღიძემ როგორც კერძო პირმა, ისე შესწირა თანხა სალომე ზურაბიშვილს და კომპანია არანაირ პოლიტიკურ კამპანიაში არ ერთვება.

პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც მხარს “ქართული ოცნება” უჭერს, 22 აგვისტოდან 11 სექტემბრამდე, ჯამში, 107 ათასამდე ლარი შესწირეს. მისი ყველა შემომწირველი ფიზიკური პირია. ყველაზე მეტი თანხა – 50 ათასი ლარი – სალომე ზურაბიშვილს “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” დირექტორმა ვახტანგ ლაღიძემ შესწირა.

netgazeti.ge

ამავე თემაზე