სიახლეები
2018-09-14 11:13:24
ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცე-მერი შესაძლოა დააკავონ

სკანდალური აუდიო ჩანაწერი და შესაძლო კორუფციული გარიგება - ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცე-მერი შესაძლოა დააკავონ. ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას მონაწილეობით, სავარაუდო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით სუს-ში გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ფარული აუდიო მასალა გასაჯაროვდა. ზუგდიდის მერმა და ვიცე-მერმა თანამდებობები დატოვეს. 

დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზეა დაბარებული ვიცე-მერი. გია გულორდავას სკანდალური ჩანაწერების შესახებ დაუსვამენ, სადაც რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი არჩეულ მერს ლაშა გოგიას დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ადანაშაულებს და ასევე ამბობს, რომ თანხა სწორედ ვიცე მერს გადასცა. 

ჩანაწერიდან ირკვევა, რომ რუსეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა აუქციონში გამარჯვების სანაცვლოდ, წინასწარ ზუგდიდის მერს და მის მოადგილეს ქრთამი მისცა, თუმცა პირობა დაირღვა და ზურაბ კვირკვიას სასურველი ტერიტორიები არ გადასცეს.

ვრცელ ჩანაწერში ბიზნესმენი ზურაბ კვირკვია, დეტალურად ჰყვება კორუფციული გარიგებების შესახებ და აზუსტებს, ვის რამდენი ფული მისცა. ფარული ჩანაწერის მიხედვით, ბიზნესმენ კვირკვიას ზუგდიდში დაბალ ფასად ავტოვაგზლის, რკინიგზის სადგურისა და გულუას პარკის შეძენა სურდა. დღეს ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას განცხადება არ გაუკეთებია. განმარტებებს არ გაუკეთებიათ ფარული ჩანაწერის სხვა ფიგურანტებსაც.

ამავე თემაზე