2018-09-12 17:47:37
საქმე ლეგალიზაციისკენ მიდიოდა, თუმცა ჩვენ შევძელით ამ პროცესის ჩარჩოში მოქცევა - კობახიძე

გამორიცხულია ლეგალიზაცია. რეალურად პროცესები აქეთკენ მიდიოდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, თუმცა ჩვენ შევძელით ამ პროცესის ჩარჩოში მოქცევა იმ კანონპროექტით, რომელიც წარმოდგენილია- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ მარიხუანას მოხმარების თაობაზე, შსს-ს მიერ შემუშავებული კანონპროექტის შეფასებისას:

„იყო ჭორები მარიხუანას ლეგალიზების თაობაზე, თუმცა რეალურად, კანონპროექტი, რომელიც მომზადებულია, აბსოლუტურად სხვა რამეს ითვალისწინებს. არის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება, რომელიც მიმართულია ლიბერალიზაციისკენ ამ სფეროში. გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ჩვენი ამოცანა იყო მაქსიმალურად მკაცრი რეგლამენტაცია იმისა, რასაც ჰქვია მარიხუანას მოხმარება. მაქსიმალურად მკაცრ ჩარჩოებშია მოქცეული მარიხუანას მოხმარება იმ კანონპროექტის თანახმად, რომელიც იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის წინაშე უახლოეს დღეებში ოფიციალურად. ამასთან, საუბარია სხვადასხვა მიზნით და მიზანი რეალურად ორია - ეს არის ექსპორტის მიზანი და ექსპორტიც არსებითად მიმართულია სამედიცინო და სამეწარმეო მოხმარებისკენ. მარიხუანას კულტივაცია სამედიცინო მიზნით მოხდება, ეს გათვალისწინებულია კანონპროექტით და მეორე ეს არის სამეწარმეო მიზნები. როგორც მოგეხსენებათ, კოსმეტიკური საშუალებების დასამზადებლად გამოიყენება შესაბამისი ზეთი და ამ მიზნით მოხდება ამ მცენარის გამოყენება. საუბარია იმაზე, რომ კონკრეტული ეკონომიკური საქმიანობისთვის შეიძლება გაიხსნას ეს სფერო, თუმცა გამორიცხულია ლეგალიზაცია. რეალურად პროცესები აქეთკენ მიდიოდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, თუმცა ჩვენ შევძელით ამ პროცესის ჩარჩოში მოქცევა იმ კანონპროექტით, რომელიც წარმოდგენილია.

მე ვნახე გამოხმაურებები. არის ამასთან დაკავშირებით სპეკულაციები, თუმცა კანონპროექტი, რომელიც წარმოდგენილია, არავითარ სივრცეს არ ტოვებს სპეკულაციებისთვის - ეს თამამად შეგვიძლია ვუთხრათ ქართულ საზოგადოებას, რომელსაც ბუნებრივია, მგრძნობიარე დამოკიდებულება აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით და ეს დამოკიდებულება გასაგებია. ჩვენ არ დავუშვებთ არასწორი მიმართულებით ამ პროცესების განვითარებას. ლეგალიზაცია დაუშვებელია“, - ამბობს კობახიძე.

 საქმე ლეგალიზაციისკენ მიდიოდა, თუმცა ჩვენ შევძელით ამ პროცესის ჩარჩოში მოქცევა

ამავე თემაზე