2018-09-11 19:47:45
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თანამშრომლები პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს შეხვდნენ

საზოგადოებრივი მაუწყებლის  თანამშრომლები და პროფკავშირის თავმჯდომარე პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებს შეხვდნენ და მაუწყებელში მიმდინარე ოპტიმიზაციის შესახებ ინფორმაცია გააცნეს. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საკადრო პოლიტიკასა და შრომით ხელშეკრულებებზე.

პროფკავშირების შეფასებით, საზოგადოებრივ მაუწყებელში შრომითი პოლიტიკა შესაცვლელია და მიაჩნიათ, რომ შეთავაზებული ხელშეკრულებები გაუმართლებელია. ნინო ზაუტაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, ოპტიმიზაცია ისე ჩატარდეს, რომ თანამშრომლებს უთანასწორობის განცდა არ ჰქონდეთ.

"ვისაუბრეთ იმ თემებზე, რომელიც ფინანსურ თემებს ეხება. გვინდა რიგგარეშე აუდიტის მოწვევა და შეხვედრა პარლამენტთან, რადგან ვფიქრობთ, რომ საბოლოო პასუხისმგებელი ჩვენთან შექმნილ ვითარებაზე მაინც არის საქარველოს პარლამენტი,“ - ამბობს ნინო ზაუტაშვილი.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, აუცილებელია ყველა კითხვას, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელთან არის დაკავშირებული, პასუხი დროულად გაეცეს.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები ხედავენ არაერთ პრობლემას, რომელიც არის არხზე. ეს ეხება, როგორც შრომით პოლიტიკას და ბოლო პერიოდში დაწყებულ ოპტიმიზაციის პროცესს, ასევე ეხება სარედაქციო დამოუკიდებლობის საკითხს. აუცილებელია, ამ კითხვებზე მათ და საზოგადოებას გაეცეს ნათელი პასუხები და გაეცეს დროულად,“ - ამბობს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა ნაცვლიშვილი.

ამავე თემაზე