ბიზნეს ნიუსი
2018-09-11 15:05:09
GIAC - პირველი ქართული ორგანიზაცია გაეროს საერთაშორისო ვაჭრობის სამართლებრივ კომისიაში

საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი (GIAC) ერთადერთი  ორგანიზაციაა რეგიონში, რომელსაც გაეროს საერთაშორისო ვაჭრობის სამართლის  კომისიამ (UNCITRAL) დამკვირვებლის სტატუსი მიანიჭა. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან არსებულმა კომისიამ შეიყვანა არასამათავრობო ორგანიზაციების სიაში, რომელთაც იწვევენ კომისიის მე-2 (დავების გადაწყვეტა) და მე-3 (ინვესტორსა და სახელმწიფოს შორს დავის მოგვარების რეფორმა)  სამუშაო ჯგუფების სესიებზე. დამკვირებელორგანიზაციებს აქვთ საშუალება, თავჯდომარის მოწვევით, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე წარმოადგინონ პოზიცია სესიაზე განსახილველ საკითხებთან მიმართებით.

UNCITRAL-ის მე-2 სამუშაო ჯგუფიორიენტირებულია კომერციული დავების გადაწყვეტის მექანიზმებზე, უფრო კონკრეტულად კი საერთაშორისო არბიტრაჟსა და მედიაციაზე, ხოლო მე-3 სამუშაო ჯგუფი მიმართულია იმ შესაძლო რეფორმების გამოვლენაზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის დავების უფრო ეფექტიან მოგვარებას.

ამჟამად აღნიშნულ სამუშაო ჯგუფებში დამკვირვებლის სტატუსს ფლობენ ისეთი ორგანიზაციები, როგორიცა: ამერიკის არბიტრთა ასოციაცია/დავების მოგვარების საერთაშორისო ცენტრი (AAA/ICDR), ამერიკის ადვოკატთა ასოციაცია (ABA), საერთაშორისო სამართლის ამერიკული საზოგადოება (ASIL), საერთაშორისო დავების მოგვარების ცენტრი (CIDS), ჩინეთის საერთაშორისო ეკონომიკისა და ვაჭრობის არბიტრაჟის კომისია (CIETAC), ევროპის ვაჭრობის კონფედერაცია (ETUC), საერთაშორისო ადვოკატთა ასოციაცია (IBA), ტრანსნაციონალური არბიტრაჟის ინსტიტუტი (ITA), საერთაშორისო სავაჭრო პალატა (ICC), ლონდონის საერთაშორისო არბიტრაჟის სკოლის ქვინ მერის უნივერსიტეტი (QMUL), მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (WEF) და სხვა.

UNCITRAL-ის სამუშაო ჯგუფების სესიები იმართება წელიწადში ორჯერ, საგაზაფხულო სესიები ტარდება ნიუ-იორკში, ხოლო შემოდგომის სესიები ვენაში. მე-3 სამუშაო ჯგუფის შემდეგი სესია, რომელზეც საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი უკვე დამკვირვებლის სტატუსით წარდგება  გაიმართება ვენაში, ამა წლის 29 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით.

UNCITRAL-ი შეიქმნა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1966 წელს და მის მთავარ მიზანს წარმოადგენს ხელი შეუწყოს საეთაშორისო სავაჭრო სამართლის ჰარმონიზაციასა და უნიფიკაციას. იგი წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო ორგანიზაციას დავების გადაწყვეტის სფეროში საკვანძო საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებისა და მიღების კუთხით. კომისიამ ასევე ჩამოაყალიბა სამუშაო ჯგუფები, რომელთა მიზანს წამოადგენს ძირითადი მოსამზადებელი სამუშაოს ჩატარება კომისიის მიერ განსახილველ საკითხებთან მიმართებით.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი არის ერთადერთი ქართული ორგანიზაცია, რომელსაც მიენიჭა დამკვირებელის სტატუსი და მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა სამუშაო ჯგუფების სესიებში და შესაბამისი საკითხების განხილვაში.საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული  საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი (GIAC) დაფუძნებულია წამყვანი საერთაშორისო საარბიტრაჟო ინსტიტუტების მოდელების გათვალისწინებით და მისი ძირითადი მიზანია დავების გადაწყვეტის ნეიტრალური, ეფექტური და მოქნილი ალტერნატიული მექანიზმების ჩამოყალიბება. ის არის პირველი და ერთადერთი საარბიტრაჟო ინსტიტუტი საქართველოში, რომელიც არ არის ორიენტირებული მოგებაზე და წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.

 

 

ამავე თემაზე