2018-09-11 11:35:42
„იბერიას“ წარმომადგენლები დღეს პრეზიდენტს შეხვდებიან

ტელეკომპანია „იბერიას“ წარმომადგენლები დღეს  საქართველოს პრეზიდენტს შეხვდებიან. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ მედიის საკითხებით პრეზიდენტი ყოველთვის განსაკუთრებით ინტერესდება და განსაკუთრებით მიადევნებს თვალყურს აღნიშნულ საქმეს.

„საქართველოს პრეზიდენტი ხვდება ტელეკომპანია „იბერიას“ წარმომადგენლებს. მათ ჰქონდათ თხოვნა და სურვილი, რომ უშუალოდ პრეზიდენტისთვის ეამბათ იმ საქმის ვითარება, რომლის წინაშეც ახლა არის ტელეკომპანია „იბერია“. მოგეხსენებათ, მათ გააკეთეს განცხადება, რომ ტელეკომპანიას უქმნიან გარკვეული ტიპის პრობლემებს. ეს განცხადებები გაჟღერდა საჯაროდ და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა შესაბამისი დეტალის და ინფორმაციის შესახებ ჩვენ უშუალოდ მათგან მოვისმინოთ.

მედიის საკითხებით პრეზიდენტი ყოველთვის განსაკუთრებით ინტერესდება, რადგან ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება კრიტიკულად საჭიროებს იმას, რომ ქვეყანაში იყოს დამოუკიდებელი და მრავალფეროვანი მედია გარემო. ისევე, როგორც ყველა წინა შემთხვევაში, როდესაც მედიის წარმომადგენლები აკეთებდნენ განცხადებებს, რომ მათ ექმნებოდათ პრობლემები, ამ შემთხვევაშიც რა თქმა უნდა პრეზიდენტი განსაკუთრებით მიადევნებს თვალყურს ამ საქმეს და ყოველთვის ღია იქნება, რომ შეხვდეს იმ ადამიანებს, რომელთაც სურთ მედიის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის იმოქმედონ და იმუშაონ“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

 

ამავე თემაზე