თავდაცვა
2018-09-10 16:37:51
"...არ მიღირს იმ იარლიყად, რომელიც ჩემ შვილს მიაკერეთ"- დაღუპული ჯარისკაცის მამა დაკრძალვისთვის გადახდილ ფულს სახელმწიფოს უკან უბრუნებს

„ხელისუფლებას, რომლისთვისაც ასეთი იაფია მისი ქვეყნის ჯარისკაცის სიცოცხლე, ძალიან ძვირი დაუჯდება მისი ხელისუფლებაში ყოფნა. ამ ეტაპზე შემოვიფარგლები მხოლოდ ამ მოკლე კომენტარით, ხოლო დანარჩენს ძალიან მალე გაიგებთ“- ამისს შესახებ ოჯახის ადვოკატი ლედი ტუკვაძე წერს და დაღუპული ჯარისკაცის, მირზა ჩაჩუას მამის, გია ჩაჩუას განცხადებას ავრცელებს. დაღუპული ჯარისკაცის მამამ გადაწყვიტა, რომ უკან დაუბრუნოს სახელმწიფოს ის 7000 ლარი, რომელიც ოჯახმა დაკრძალვის ხარჯების დასაფარად მიიღო.

„სანამდე პირში სული მედგება, მანამ ვიბრძოლებ ჩამოვაშორო ჩემ შვილს ის სამარცხვინო ლაქა, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით ჩირქად მოსცხეს (თითქოს მარტო ჰქონდა 10 ადამიანის დოზა ალკოჰოლი მიღებული). მე ერთი გლეხი კაცი ვარ, რომელმაც ღირსეული ვაჟკაცი გავზარდე და რომელიც 12 წელია თავისი ქვეყნის სადარაჯოზე დგას. არც 100 000 და არც მილიონი არ მიღირს იმ იარლიყად, რომელიც ჩემ შვილს მიაკერეთ. მთელი ცხოვრება ვიბრძოლებ იმისთვის, რომ დადგინდეს ეს ყველაფერი თავდაცვის სამინისტროს მხრიდან იმისთვის იქნა გაკეთებული, რომ საკომპენსაციო თანხა არ გადახდილიყო. სირცხვილი თქვენ“. - აცხადებს ჯარისკაცის მამა გია ჩაჩუა.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტრომ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით,   რომ თანხის დაზოგვისა და კომპენსაციის არგაცემის მიზნით34-ე საარტილერიო ბატალიონის მძღოლის, მირზა ჩიჩუას გარდაცვალების ექსპერტიზის დასკვნა გააყალბა, განცხადება გაავრცელა. უწყება ამბობს, რომ ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული და სიმართლეს არ შეესაბამება:

"თავდაცვის სამინისტრო ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დამატებით აზუსტებს, რომ 2018 წლის 9 ივლისს ახალციხის მუნიციპალიტეტის სამედიცინო დაწესებულება შპს „უნიმედი სამცხე“-ში გარდაცვლილ სამხედრო მოსამსახურის, 34-ე საარტილერიო ბატალიონის მძღოლის, მირზა ჩიჩუას ოჯახს, კონკრეტულად მის მეუღლეს (მარი ახვლედიანი) თავდაცვის მინისტრის ბრძანებით 2018 წლის 12 ივლისს გაეწია ფინანსური დახმარება 8 750 ლარის ოდენობით.შესაბამისად, მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს უწყებამ თანხის დაზოგვისა და კომპენსაციის არ გაცემის მიზნით, გარდაცვალების ექსპერტიზის დასკვნა გააყალბა, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და სიმართლეს არ შეესაბამება. არც დასკვნის გაცემა და არც საქმის გამოძიება არ წარმოადგენს თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციას.

მოგახსენებთ, რომ აღნიშნული შემთხვევა, დადგენილი წესების თანახმად არ ითვალისწინებს კომპენსაციის გაცემას. თავდაცვის მინისტრმა მირზა ჩიჩუას გარდაცვალებიდან ჯერ კიდევ მესამე დღეს ისარგებლა უფლებამოსილებით და პირადი ინდივიდუალური აქტით, გარდაცვლილის მეუღლეს გაეწია ფინანსური დახმარება.

თავდაცვის სამინისტრო მაქსიმალურად ცდილობს კანონის ფარგლებში იმოქმედოს და მხარი დაუჭიროს სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს. მხოლოდ 2016 წელს მინისტრის ინდაქტით დახმარება გაეწია 386 სამხედრო მოსამსახურეს 732 ათას 482 ლარის ოდენობით, ხოლო 2017 წელს 515 სამხედრო მოსამსახურეს 732 ათას 645 ლარის ოდენობით, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სოციალური, სამედიცინო და ფინანსური კორესპონდენციის განმხილველი კომისიის მიერ 2016 წელს დახმარება გაეწია 241 სამხედრო მოსამსახურეს 1 მილიონ 477 ათას 175 ლარის მოცულობით, ხოლო 2017 წელს ამავე კომისიის მიერ 236 სამხედრო მოსამსახურეს 972 ათას 647 ლარის ოდენობით." აცხადებენ იზორიას უწყებაში. 

 

ამავე თემაზე