2018-09-10 15:27:52
"დასკვნა მიღებულია, ის აღარ შეიცვლება და პარლამენტისგან ლეგიტიმაცია აღარ სჭირდება"

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ არასამთავრო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს დღეს საგამოძიებო კომისიის დასკვნა და მასში ასახული რეკომენდაციები გააცნო. როგორც დეპუტატმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მათი მხრიდან საგამოძიებო კომისიის დასკვნა უაღრესად პოზიტიურად არის აღქმული. კაპანაძის თქმით, დასკვნა მიღებულია და ის აღარ შეიცვლება

"ისინი ეთანხმებიან როგორც ჩვენს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, ასევე კონკრეტულ მოსაზრებებს. ამ ეტაპზე ჩვენი ამოცანაა, ხელისუფლება ვაიძულოთ, რომ დასკვნაში ასახული რეკომენდაციები შეასრულოს. ჩვენი მიზანია პროგრესი ორი მიმართულებით იყოს მიღწეული - ერთი ეს არის კონკრეტული პირის მიმართ ბრალის წარდგენა, რაზეც ჩვენ რეკომენდაცია გავეცით და ასევე, უნდა დაისაჯოს ხალხი, ვინც პასუხისმგებელია გამოძიების ჩავარდნაზე. კომისიის მიერ დასკვნა მიღებულია, ის აღარ შეიცვლება და პარლამენტისგან მომდევნო ლეგიტიმაცია აღარ სჭირდება. რაც შეეხება პარლამენტის მიერ დადგენილების მიღებას, დადგენილება ან იქნება ან - არა. იმ შემთხვევაში თუ „ქართული ოცნება“ დადგენილებას წარმოადგენს, ჩვენ მზად ვართ, მასზე ვიმუშაოთ, მაგრამ რა ფორმით და როგორ გავა დადგენილება პარლამენტში, ამას დასკვნის შინაარსთან კავშირი არა აქვს“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნა ბიუროს დღეს წარედგინება და განსახილველად უახლოეს პლენარულ სხდომაზე გავა, რასაც პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს.

ამავე თემაზე