2018-09-07 13:35:22
"ეს პრეზიდენტები ცოტა არ იყოს არ არიან კარგი ხალხი და ამიტომ, არ ეკუთვნით რაღაც" - სიგნალი მომავალი პრეზიდენტისთვის

ზოგადად, დაცვა შეიძლება სულ არ ჰყავდეს პრეზიდენტს, არის ქვეყნები, სადაც ველოსიპედებით დადიან. თავისთავად, დაცვაში არ არის საქმე, მიდგომაშია საქმე, - ასე ეხმაურება პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი, პრეზიდენტისთვის სიცოცხლის ბოლომდე პერსონალური დაცვის გაუქმების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს.

"ამ ყველაფერში ყველაზე მთავარია პროექტის შეტანის დრო - როდის? საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიაა გახურებული და ხელისუფლება თვლის, რომ მორიგ ჯერზე უნდა გააგზავნოს სიგნალი საზოგადოებაში, რომ ეს პრეზიდენტები ცოტა არ იყოს არ არიან კარგი ხალხი და ამიტომ, არ ეკუთვნით რაღაც. ზოგადად, დაცვა შეიძლება სულ არ ჰყავდეს პრეზიდენტს, არის ქვეყნები, სადაც ველოსიპედებით დადიან. თავისთავად, დაცვაში არ არის საქმე, მიდგომაშია საქმე. თორემ საერთოდ ყველას გავუუქმოთ დაცვა რა პრობლემაა, დავიცვათ ერთმანეთი, შევქმნათ ისეთი ქვეყანა, სადაც იქნება უსაფრთხოება. პრობლემა იმაშია, რომ ამ კონკრეტული ნაბიჯით კიდევ ერთი გზავნილია საზოგადოებაში არასწორი მიმართულებით",- განაცხადა უსუფაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ სიცოცხლის ბოლომდე პრეზიდენტის პერსონალური დაცვით უზრუნველყოფა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ვალდებულება აღარ იქნება.

უქმდება “სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში არსებული ჩანაწერი, რომლის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს თანამდებობაზე არჩევის დღიდან სიცოცხლის ბოლომდე ენიშნება პერსონალური დაცვა სამუშაო ადგილას, მუდმივ და დროებით ადგილსამყოფელში.

 

ამავე თემაზე