2018-09-07 12:44:44
"ეს არის სიგნალი მომავალი პრეზიდენტისთვის" - პრეზიდენტს დაცვა აღარ ეყოლება

უმაღლესი გარანტიების შემცირებასთან გვაქვს საქმე - ეს განცხადება, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა გააკეთა. ნაცვლიშვილი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პრეზიდენტს სიცოცხლის ბოლომდე დაცვა აღარ ეყოლება.

ნაცვლიშცილის განცხადებით, მთვარობის საკანონმდებლო ინიციატივა პრეზიდენტის ინსტიტუტს აკნინებს და ხაზს უსვამს, რომ პრეზიდენტის უსაფრთხოება სამომავლოდ მთავრობის კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული.

“ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ არაერთი ნაბიჯი გადადგმული იმისკენ, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებები და ზოგადად, ამ ინსტიტუტის როლი ყოფილიყო შემცირებული და მნიშვნელოვანწილად დაკნინებული. ახლა ჩვენ ვხედავთ მორიგ ნაბიჯს, რომლის მიზანია პრეზიდენტის უსაფრთხოება მნიშვნელოვანწილად შეიზღუდოს და გარანტირებული იყოს არა კანონით, არამედ დამოკიდებული იყოს მთავრობის ნებაზე. მოქმედი კანონმდებლობით, პრეზიდენტის უსაფრთხოების დაცვა სახლემწიფოს სპეციალურ სამსახურს ევალება და ეს ვალდებულება გრძელდება მას შემდეგაც, რაც პირის უფლებამოსილება ამოიწურება. ახლა შემოთავაზებულია საკანონმდებლო ცვლილება, როდესაც კანონი კი აღარ იქნება ამ გარანტიის მიმცემი პრეზიდენტისთვის, არამედ ეს უნდა გადაწყვიტოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მთავრობამ.

პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, ქვეყნის ერთიანობის და დამოუკიდებლობის გარანტი და ამ როლის ეფექტური შესრულება ძალიან მნიშვნელოვანწილად საჭიროებს უმაღლეს გარანტიებს უსაფრთხოების და დაცულობის და სწორედ ამ უმაღლესი გარანტიების შემცირებასთან გვაქვს ახლა საქმე, რაც არის არასწორი და იქნება პრობლემური იმიტომ, რომ მათ შორის იმ კონსიტიტუციით, რომელიც არჩევნების შემდეგ შევა ძალაში, პრეზიდენტი არის ზეპარტიული ფიგურა, ასე ამბობს კონსტიტუცია და ახლა ამ ზეპარტიული პრეზიდენტის უსაფრთხოების საკითხი უნდა გადაწყვიტოს პოლიტიკური უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებულმა მთავრობამ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ცვლილებები ახლა ხორციელდება. ეს არის სიგნალი და მესიჯი არა მხოლოდ მოქმედი თუ ყოფილი პრეზიდენტებისთვის, არამედ მომავალი პრეზიდენტისთვის. ჩვენ ახლა საარჩევნო კამპანიის პერიოდში ვიმყოფებით, როდესაც ადამიანები თავის კანდიდატურას აყენებენ ამ პოზიციის დასაკავებლად. ეს ცვლილება ხაზს უსვამს და ეს არის მცდელობა, რომ დააკნინოს პრეზიდენტის ინსტიტუტის როლი და მიანიშნოს მათ შორის მომავალ პრეზიდენტს, რომ მისი უსაფრთხოება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციების განხორციელების პროცესში, მომავლაში დამოკიდებული იქნება მთავრობის გადაწყვეტილებაზე და მთავრობის კეთილ ნებაზე“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

სიცოცხლის ბოლომდე პრეზიდენტის პერსონალური დაცვით უზრუნველყოფა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ვალდებულება აღარ იქნება.

 

ამავე თემაზე