2018-09-07 11:31:48
იმედს ვიტოვებ, რომ პლენარულ სხდომაზე შევძლებთ პოლიტიკური ინტერესებიდან დაცლილი დადგენილების მიღებას - თალაკვაძე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ​

მე იმედს ვიტოვებ, რომ პლენარულ სხდომაზე შევძლებთ პოლიტიკური ინტერესებიდან დაცლილი დადგენილების მიღებას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

"კომისია შეიქმნა იმისთვის, რომ დაგვედგინა, არის თუ არა სახელმწიფო მართლმსაჯულების წინააღმდეგ ამ საქმეში. შესაბამისად, კომისიის ამოცანა იყო სწორედ ამაზე გაეცა პასუხი. სამწუხაროდ, “ევროპულმა საქართველომ” ვერ დააღწია პოლიტიკურ გრავიტაციას თავი, რაც გახდა ჩვენი უთანხმოების მიზეზი ბოლო სხდომაზე. მათ დასკვნაში იმ შედეგებთან, რომელთანაც ერთად მივედით, დამატებით ჩაწერეს პოლიტიკური მოთხოვნებიც, რომელსაც საერთო არ აქვს ამ კომისიის მუშაობასთან. კონკრეტულად ისინი ითხოვენ იუსტიციის მინისტრის გადადგომას მხოლოდ იმიტომ, რომ მან თქვა, რომ ბავშვების დაჭერა არ შეიძლება მტკიცებულებების გარეშე. ასევე ითხოვენ შს მინისტრის გადადგომას მხოლოდ იმიტომ, რომ მან გააკეთა განცხადება, თითქოს ამ განცხადების შემდეგ გამოძიება შეწყდა მაშინ, როდესაც ამ განცხადების შემდეგ 490 საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა და დააკავეს პირები. ასეთი ტიპის პოლიტიკური მოთხოვნების გამო, ჩვენ არ დავუჭირეთ მხარი „ევროპული საქართველოს“ დასკვნას. მე იმედს ვიტოვებ, რომ უკვე პლენარულ სხდომაზე ჩვენ შევძლებთ პოლიტიკური ინტერესებიდან დაცლილი დადგენილების მიღებას, სადაც მხოლოდ ობიექტური დასკვნები იქნება მოცემული," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამავე თემაზე