2018-09-06 15:18:50
გაითვალისწინებს თუ არა მთავარი პროკურატურა საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციებს?

ჯერჯერობით უცნობია გაითვალისწინებს თუ არა მთავარი პროკურატურა მოზარდების მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. საგამოძიებო უწყებაში ამასთან დაკავშრებით, კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა. პროკურატირაში პარლამენტისგან დადგენილებას ელოდებიან. 

როგორც ცნობილია, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ დასკვნა გუშინდელ სხდომაზე დაამტკიცა და ამით მუშაობის 3-თვიანი ვადა ამოწურა. დასკვნა “ევროპული საქართველოს“ წევრების მიერ მომზადებული დოკუმენტია და მას “ქართული ოცნება“ მხარს არ უჭერს.

საგამოძიებო კომისია პროკურატურას მთელი რიგი რეკომენდაციებით მიმართავს. კომისიის რეკომენდაციაა, რომ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა მ.კ-ს მიმართ, იქიდან გამომდინარე, რომ კომისიის დასკვნის მიხედვით, საკმარისია მტკიცებულებები, რომ მ.კ. სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში მონაწილეობდა. დასკვნის მიხედვით, გამოძიებაში ერეოდა მირზა სუბელიანი, რომელიც მაშინ პროკურატურის მაღალჩინოსანი იყო. ასევე მისი ახლობლების მიმართ არ ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები - არ მოხდა მთავარი ფიგურანტების სახლის ჩხრეკა, ნივთმტკიცებების მოპოვება, ასევე არ იქნა დაკითხული მთელი რიგი მოწმეები, მათ შორის ისეთი მოწმეები, რომელთაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს პარლამენტის საგამოძიებო კომისიას.

 

ამავე თემაზე