2018-09-06 14:27:56
ჩვენი ამოცანაა, ქართულ ეკონომიკაში დღგ-ს სახით წელს ნახევარ მილიარდ ლარამდე დავაბრუნოთ- ბახტაძე

ჩვენი ამოცანაა, ქართულ ეკონომიკაში დღგ-ს სახით წელს ნახევარ მილიარდ ლარამდე დავაბრუნოთ, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. მისი თქმით, კერძო სექტორისთვის დღევანდელი დღის მდგომარეობით უკვე დაბრუნებულია თითქმის 280 მილიონი ლარი.

„მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა მტკივნეულ თემასთან დაკავშირებით - ეს არის დღგ-ს დაბრუნების სისტემა. დღევანდელი დღის მდგომარეობით, თითქმის 280 მილიონი ლარია დაბრუნებული კერძო სექტორისთვის. აქაც არსებობს გარკვეული სტერეოტიპები და არაერთხელ ვისაუბრე ამაზე. სამწუხაროდ, წინა მთავრობის მმართველობის პერიოდში ძალიან მტკივნეული გამოცდილება აქვს ქართულ ბიზნესს დღგ-ს დაბრუნების პროცედურებთან დაკავშირებით. დღგ-ს დაბრუნება პირდაპირ კავშირში იყო, რომ საწარმოში უნდა შესულიყო ან საგადასახადო ორგანოები ან უმრავლეს შემთხვევაში ფინანსური პოლიცია და ეს იყო ძალიან მავნე პრაქტიკა, რომელმაც ქართული ბიზნესი დააზარალა. მსურს კიდევ ერთხელ მოვუწოდო ქართულ კომპანიებს და მეწარმეებს აქტიურობისკენ, მოვუწოდებ შეავსონ განაცხადები. ჩვენი მიზანია, რომ წელს ნახევარ მილიარდ ლარამდე დაბრუნება მოხდეს ქართული კომპანიებისთვის. ეს პროცესი არის ძალიან მარტივი, კომფორტული და მეგობრული. მესმის, რომ წარსული გამოცდილება ამ ნაწილში არის ძალიან მძიმე, მაგრამ ჩვენ ერთობლივად უნდა ჩამოვაყალიბოთ თანამედროვე, ახალი და სამართლიანი თამაშის წესები. მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და ქართულ ბიზნესს მოვუწოდო მაქსიმალურად ჩაერთონ აღნიშნულ პროექტში“, - აღნიშნა ბახტაძემ.

ამავე თემაზე