2018-09-06 14:14:06
ქობულია მთავრობის სხდომას დღესაც არ ესწრება

ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია მთავრობის სხდომას არც დღეს ესწრება. სხდომა კანცელარიაში რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს , თუმცა ქობულია იქ ამ დრომდე არ გამოჩენილა.

ქობულიას შვებულება გუშინ დასრულდა. როგორც ორშაბათს, 3 სექტემბერს ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურმა "პირველ რადიოს" განუცხადა, მინისტრის შვებულება სწორედ ოთხშაბათს, 5 სექტემბერს მთავრდებოდა და ის სამსახურში დაბრუნდებოდა.

გიორგი ქობულია მინისტრად ივლისში დაინიშნა და ამ დროის განმავლობაში შვებულებაში უკვე სამჯერ გავიდა. ქობულია ერთ ერთი შვებულების დროს,მოსკოვში იმყოფებოდა. ეკონომიკის მინისტრი არ ესწრებოდა გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ვიზიტს და მასთან ერთად, გერმანიიდან ჩამოსული ბიზნესწრეების შეხვედრას.

ქობულიამ განმარტება ბუქარესტიდან გააკეთა და განაცხადა, რომ  მისი ხშირი შვებულების მიზეზი ყოფილი სამსახურია, სადაც გარკვეული საქმეები დარჩა მოსაგვარებელი და ასევე, ჯანმრთელობის საკითხი.

„რაც მინისტრად დავინიშნე, ნახევარზე მეტი ვიმუშავე და ნახევარი მომიწია შვებულება, მაგრამ აქედან მაქვს კონტაქტი ჩემს ხალხთან და მაქსიმალურად ვცდილობ, რომ საკითხები გადავწყვიტო. მე რომ მცოდნოდა,  მინისტრად ვინიშნებოდი არა ივლისში, არამედ მაისში, მაშინ რა თქმა უნდა, ასეთი საკითხი არ იდგებოდა. რადგან გადაწყვეტილება მოხდა ძალიან სწრაფად, მე უკვე ვეღარ შევცვალე ბევრი რაღაცები. ჯანმრთელობასთან მქონდა კიდევ რაღაცები დაკავშირებული, რაც უნდა დავასრულო“, განაცხადა ქობულიამ რამდენიმე დღის წინ და აღნიშნა, რომ ქვეყანაში რამდენიმე დღეში დაბრუნდება. 

ამავე თემაზე