2018-09-06 11:37:48
"ქართული ოცნება" მფარველობს ჩემი შვილის მკვლელებს...10 სექტემბრიდან დაიწყება აქციები"

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა უმრავლესობის მიერ წარმოდგენილ დასკვნას სამარცხვინოს უწოდებს და ამბობს, რომ  ხელისუფლება მისი შვილის მკვლელებს ხელს აფარებს

"ქართული ოცნება" მფარველობს ჩემი შვილის მკვლელებს. ჩემი შვილი ვიღაცა არ არის. ამ საქმის გამოძიებას სხვა ხელისუფლება გააგრძელებს", - განაცხადა სარალიძემ დღეს, ადვოკატთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

"დღეს მთელი საქართველო დარწმუნდა იმაში, რომ მმართველი გუნდი და მაღალჩინოსნები პირდაპირ მფარველობას უწევენ მკვლელებს და ამ საქმის გამყალბებლებს. "ქართული ოცნება" მფარველობს მკვლელებს და ამ განაჩენს ქართულ საზოგადოებასთან ერთად გამოვუტან მე, ზაზა სარალიძე იმიტომ, რომ ჩემი შვილი, როგორც ბესელიამ განმარტა, ვიღაცა არ არის, ვიღაცის გულის მოსაგებად არ იყო ეს კომისია შექმნილი. კომისიის მსვლელობის მადლობელი ვარ იმიტომ, რომ საზოგადოებამ ნათლად დაინახა, ვინ რა დარღვევები ჩაიდინა, ვინ არის მკვლელი, ვის და ვინ აფარებს ხელს. ამ გამოძიებას გააგრძელებს სხვა ხელისუფლება, რადგან მმართველი გუნდი მფარველობს ჩემი შვილის მკვლელებს და ამ გამოძიებას. 10 სექტემბრიდან დაიწყება აქციები და კონკრეტული მოთხოვნები იქნება იქ. სამარცხვინოა მათი დასკვნა", - განაცხადა სარალიძემ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილმა პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ ხმათა უმრავლესობით „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული დასკვნა გუშინ დაამტკიცა.

 

ამავე თემაზე