2018-09-04 14:48:17
მ.კ-ს წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების რეკომენდაციას მხარს არ ვუჭერ - ბესელია

მ.კ-ს წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე კომისიის რეკომენდაციას მხარს არ ვუჭერ, - განაცხადა ეკა ბესელიამ მოზარდების მკვლელობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. ბესელია აცხადებს, რომ კომისია არ უნდა ჩაერიოს სხვა შტოების მუშაობაში. მისივე თქმით, არც ერთი ფაქტობრივი გარემოება და არც მოწმეთა ჩვენება ადასტურებს, რომ სარალიძეს დანას კალანდია ურტყამდა- "არცერთი ადამიანი არ ამბობს, რომ მ.კ ურტყამდა დანას დავით სარალიძეს" - აცხადებს ბესელია და ამბობს, რომ ეჭვით არ შეიძლება ბრალის წარდგენა. 

"ამ რეკომენდაციით აშკარად ცდება კომისია თავის უფლებამოსილების ფარგლებს. მიჩნდება კითხვა, თუ რატომ აკეთებთ ამას? - ალბათ, იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური ფორმულირება. როგორი დიდიც არ უნდა იყოს ეს ცდუნება, ძალიან მიკვირს, რამ უნდა გადაწონოს ეს ყველაფერი და ტრაგედიას რის გამოც შეკრებილები ვართ, კიდევ ერთ ტრაგედიას ამატებთ. არ შეიძლება ამის გაკეთება. არ აქვს კომისიას უფლება რომელიმე პირის სამართლებრივი შეფასება დააკვალიფიციროს სისხლის სამართლის კოდექსით და მაკონტროლებელმა ორგანომ უთხრას დევნის ორგანოს ამ ადამიანს წაუყენე განზრახ მკვლელობის ამ მუხლის ამ პუნქტით ბრალი. ამას ცალსახად ვემიჯნები." განაცხადა ბესელიამ. 

კომისია მიიჩნევს, რომ პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მ.კ-ს სისხლის სამართლებრივი დევნა არასრულწლოვანი დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ფაქტზე, - ამის შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, ოთარ კახიძემ კომისიის დღევანდელ სხდომაზე პროკურატურისა და შსს-ს მიმართ გაცემული რეკომენდაციების წარდგენისას განაცხადა.

 

ამავე თემაზე