2018-09-04 12:15:46
"ქართული ოცნების" შტაბის ოფის მენეჯერმა ერთ-ერთ კონკურსანტს, საოლქო საარჩევნო კომისიის სახელით დაურეკა და უბნის შეცვლა სთხოვა

გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" საარჩევნო შტაბის წარმომადგენელმა, ლევან ბეჟაშვილმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში  კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დოკუმენტაცია და ჩანაწერი წარადგინა. მისი თქმით, წარდგენილი მასალებით დასტურდება ის დარღვევები, რასაც ადგილი აქვს კრწანისის ოლქში. 

"დღეს გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" მიმართავს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და იმავდროულად საქართველოს მთავარ პროკურატურას ორ საკითხთან დაკავშირებით. ერთი - დოკუმენტით ვაწვდით ინფორმაციას ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომელიც ასახავს კრწანისის საოლქო -საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეების შესაძლო კავშირს "ქართული ოცნების" შტაბთან.

დღეს წარვადგინეთ მეორე დოკუმენტიც, რომელიც ასევე ეხება კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიაში მიმდინარე პროცესებს. ერთ-ერთ კონკურსანტს, რომელიც საუბნო კომისიაში ღებულობდა მონაწილეობას, დაურეკეს საოლქო საარჩევნო კომისიის სახელით და მოსთხოვეს უბნის შეცვლა. აღმოჩნდა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიიდან არავის დაურეკავს და მათი სახელით ისარგებლა "ქართული ოცნების" შტაბის ოფისის მენეჯერმა მელანო ავალიშვილმა, რომელმაც კონკურსანტს კონკრეტული ცვლილებების განხორციელება მოსთხოვა.

ეს თავისთავად წარმოადგენს საარჩევნო პროცესში უხეშ ჩარევას და არის სისხლის სამართლის დანაშაული. მოვითხოვთ რეაგირებას როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან, ისე პროკურატურისგან," - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

 

 

ამავე თემაზე