2018-08-28 11:21:52
„ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის არ იბრძვის... აინტერესებს...დატოვოს ეს გუნდი, გაყოს თუ ახალი პარტია შექმნას“

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი "რეზონანსთან" საუბარში აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს წინასაარჩვენო კამპანია უფრო აინტერესებს, ვიდრე შედეგი და ფიქრობს რა გააკეთოს მომავალში, ვისთან ერთად წარდგეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

„ოცნება“ თავად არ არის ჩამოყალიბებული და ძნელია გაანალიზება, რა ფორმით ჩაერთვება ამ არჩევნებში. მათი განცხადებებიდან გამომდინარე, ჩანს, რომ არ აპირებენ თავიანთი კანდიდატის წამოყენებას, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ბიძინა ივანიშვილს თავისი პოზიცია უკვე ჩამოყალიბებული აქვს და მისი სიტყვა გადამწყვეტი იქნება. რაც შეეხება იმას, რომ „ოცნება“ თავის კანდიდატს არ დააყენებს, ამ გადაწყვეტილებით პარტიაში სიმშვიდე შენარჩუნდა, რადგან პარტიის შიგნით არსებულ ჯგუფებს შორის კანდიდატთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება იყო, ყველას თავისი კანდიდატი ჰყავდა; ახლა სიმშვიდეა და ფიქრობენ, ვინც გაიმარჯვებს - გაიმარჯვოს, ჩვენიდან არავინ იქნებაო.... თავად პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის არ იბრძვის, ხედავთ, რომ კანდიდატურასაც არ აყენებს, მას წინასაარჩევნო კამპანია უფრო აინტერესებს, ვიდრე შედეგი, რა გააკეთოს მომავალში, დატოვოს ეს გუნდი, გაყოს თუ ახალი პარტია შექმნას, ანუ ვისთან ერთად წარდგეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ეს არის მოსამზადებელი პერიოდი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. მეორე ვარიანტია, მხარი დაუჭიროს დამოუკიდებელ კანდიდატს და ალბათ ამ საკითხზეც ივანიშვილი ჩამოყალიბებულია. „ - აცხადებს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“ საუბარში

ამავე თემაზე