საქართველოში დაიწყეს ოპიუმის მოყვანა და ბაზარზე უკვე გამოჩნდა ქართული ჰეროინი- აცხადებს სამხარაულის ნარკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი, ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე გური მენაბდიშვილი "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში. მისივე თქმით, საქართველოში ოპიუმისთვის ხელსაყრელი ტერიტორია არსებობს
„ჩემი ინფორმაციით, საქართველოშიც დაიწყეს ოპიუმის მოყვანა და ბაზარზე უკვე გამოჩნდა ქართული ჰეროინი. ის კუსტარულად მზადდება და შეუძლებელია სუფთა იყოს. მისი მოხმარებით გამოწვეულ ჯანმრთელობის პრობლემებს კიდევ უფრო ამწვავებს ის ფსიქოტროპული ნივთიერებები, რომლებითაც აბევრებენ.
ოპიუმი მაღალმთაგორიან ტერიტორიაზე იზრდება. მას სიცხე უყვარს. საქართველოში ამ მცენარისთვის რამდენიმე ხელსაყრელი ტერიტორია არსებობს, თუმცა დიდი პლანტაციების გაშენება შეუძლებელია, რადგან წარმოუდგენელია, ეს სამართალდამცველებმა ვერ შეამჩნიონ. ვერ დავადასტურებ, რომ საქართველოში არის ოპიუმის პლანტაციები, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს რეგიონებში უკვე აწარმოებენ კანაბისს და მას ახალგაზრდები მოიხმარენ. მაქვს ინფორმაცია, რომ არა მარტო მამაკაცები, ქალებიც არიან აქტიური მომხმარებლები და როცა მშობლები საყვედურობენ, პირდაპირ ეუბნებიან, ჩვენგან რა გინდათ, სახელმწიფოში დაშვებულია, რატომ გვიკრძალავთო. საგანგაშო მდგომარეობაა პერიფერიებში, სადაც მასობრივად მოიხმარენ კანაბისს“, - აცხადებს მენაბდიშვილი.