2018-08-24 15:03:45
გერმანული ბიზნეს-დელეგაცია სავაჭრო-სამრეწველო პალატის პროექტებსა და სერვისებს გაეცნო

დუალური პროფესიული განათლების ხელშეწყობა, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანამშრომლობა გერმანულ მხარესთან, საპარტნიორო პროექტი მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან (IHK) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ მხარდაჭერილიDCFTA საინფორმაციო ცენტრი - ეს იყო ძირითადი თემები, რომლებიც დღეს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გრიგოლ ბაიბურთმა გერმანულ ბიზნეს-დელეგაციასთან შეხვედრაზე განიხილა. მან გერმანულ მხარეს ფედერაციული რესპუბლიკის მიერმხარდაჭერილი პროექტების მიმდინარეობა გააცნო და აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.  გრიგოლ ბაიბურთმა ბიზნეს-დელეგაციის წევრებს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ყურადღება გაამახვილა ბიზნესის მხარდაჭერის საკითხზე, როგორც მსხვილი, ასევე მცირე და საშუალო მეწარმეების ჭრილში,  ხაზი გაუსვა პროფესიული განათლების, კერძოდ კი სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მნიშვნელობას და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ჩართულობას ქვეყანაში დუალური პროფესიული განათლების სისტემის განვითარების პროცესში.

გერმანული ბიზნეს-დელეგაცია საქართველოს გერმანიის ფედერალური კანცლერის, ანგელა მერკელის ვიზიტის ფარგლებში ეწვია. ვიზიტის მიზანი ადგილობრივი ბიზნეს-კლიმატის შესწავლა და ეკონომიკური გარემოს გაცნობაა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ შეხვედრას, სადაც აღნიშნულ თემებზე შედგა საუბარი საქართველოს სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, ბიზნესის ხელშემწყობი ორგანიზაციები და ცალკეული კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის გერმანია ამ ეტაპზე მერვე ადგილს იკავებს. წლის პირველ შვიდ თვეში გერმანია-საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა 279 353.2 ათასი დოლარი იყო, რაც მთლიანი მოცულობის 4%-ია. 

 

ამავე თემაზე