2018-08-20 12:51:00
"მალე გადავალთ იმ ეტაპზე,როდესაც კონკრეტული სახელებისა და გვარებისა ირგვლივ გაიმართება მსჯელობა“

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევად პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის  ინიციატივით დაწყებული კონსულტაციების ფარგლებში, დღეს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და ადამიანის უფლებების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე საპარლამენტო ფრაქციის "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმებზე, სისტემის გაჯანსაღებისათვის საჭირო საკითხებსა და ინსტიტუციაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, გრძელდება კონსულტაციები სხვადასხვა ჯგუფებთან, რათა ჩამოვყალიბდეთ როგორი კანდიდატი იქნება ყველაზე მეტად შესაფერისი ამ მაღალი პოზიციისთვის.

"შეხვედრები გაგრძელდება და მალე გადავალთ იმ ეტაპზე, როდესაც უკვე კონკრეტული სახელებისა და გვარებისა ირგვლივ გაიმართება მსჯელობა“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის მიზნით დღეს უკვე მეშვიდე შეხვედრა შედგა, რომელშიც მონაწილეობა უკვე მიიღეს სამოქალაქო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების, პროფესიული-აკადემიური- სამეცნიერო წრეებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა.

 

ამავე თემაზე
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი - პრეზიდენტი საპარლამენტო უმცირესობას ხვდება
2018-08-20 12:39:10