2018-08-14 19:02:47
აგვისტოს ომზე სალომე ზურაბიშვილის ბოლო განმარტება მმართველი გუნდისთვის მისაღებია - კობახიძე

აგვისტოს ომზე სალომე ზურაბიშვილის ბოლო განმარტება მმართველი გუნდისთვის მისაღებია - ეს განცხადება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. ირაკლი კობახიძის თქმით, ბოლო ინტერპრეტაცია იყო მისაღები, რადგან ზუსტად ასახავდა პროცესების იმ განვითარებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2008 წელს. 

კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდის საბოლოო გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერასთან დაკავშირებით იქნება ის, თუ რამდენად თანხვედრაშია იმ კონკრეტული კანდიდატის გამონათქვამები და პოზიციები მმართველი გუნდის პოზიციებთან.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ "ქართული ოცნება" კანდიდატის მხარდაჭერასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას, სამ კვირაშ - კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვის შემდეგ დააფიქსირებს. 

“ჩვენ მოვისმინეთ სხვადასხვა კომენტარი ქალბატონი სალომესგან. მე არ მინდა შევიდე სიღრმეში, ვინაიდან ეს გამოვა ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის გამონათქვამების შეფასება. იყო პირველი განცხადება, რომელიც იძლეოდა ინტერპრეტირების საშუალებას სხვა მიმართულებით. ამის შემდეგ იყო სხვა გამოსვლები, სადაც სხვა კონკრეტული ინტერპრეტაცია მოვისმინეთ ქალბატონი სალომეს მხრიდან. ვფიქრობ, ეს ბოლო ინტერპრეტაცია იყო ჩვენთვის მისაღები, რადგან ზუსტად ასახავდა პროცესების იმ განვითარებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2008 წელს”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამავე თემაზე