სიახლეები
პოლიტიკა
2018-08-10 13:04:51
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატზე კონსულტაციებისთვის უმრავლესობასა და პარლამენტის სხვა პოლიტიკურ ძალებს შეხვედრა შევთავაზეთ- ნაცვლიშვილი 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით მიმდინარე კონსულტაციების ფარგლებში, საპარლამენტო უმრავლესობასა და პარლამენტის სხვა პოლიტიკურ ძალებს შეხვედრა შევთავაზეთ, კონკრეტული თარიღების დასახელებას კი, მათგან ველოდებით, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კონსულტაციების ფარგლებში სხვადასხვა ჯგუფთან და ორგანიზაციასთან შეხვედრები გრძელდება.

„შეხვედრების მიზანია, მოვისმინოთ კონკრეტული რჩევები და რეკომენდაციები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის შერჩევის პროცესთან, ასევე იმ მახასიათებლებთან მიმართებაში, რომლებიც უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომელიც შეძლებს დღევანდელ მდგომარეობაში დაიკავოს აღნიშნული თანამდებობა და ღირსეულად გაართვას თავი სასამართლო სისტემის წინაშე მდგომ ამოცანებს“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის ასარჩევად კონსულტაციები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გრძელდება. მარგველაშვილის მრჩევლები დღეს საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან.

შეხვედრაზე იმ კრიტერიუმებზე იმსჯელებენ, რომელსაც მომავალი თავმჯდომარე უნდა აკმაყოფილებდეს.

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, დღეს ხვდებიან იმ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც წლებია საქართველოში მუშაობენ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მიმართულებით.

ამავე თემაზე