სიახლეები
პოლიტიკა
მთავარი სიახლე
2018-08-09 13:09:21
კონსულტაციებს ვიწყებთ არა სახელებსა და გვარებზე, არამედ იმაზე მსჯელობით, რაც უნდა ახასიათებდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს - ნაცვლიშვილი

ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, უზენაესი სასამართლო თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით, კონსულტაციების მეორე რაუნდი მიმდინარეობს. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორს ხვდებიან. როგორც შეხვედრის დაწყებამდე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, კონსულტაციები მიმდინარეობს არა სახელებსა და გვარებზე, არამედ მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, თუ რა უნდა ახასიათებდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს.

"დღეს ვხვდებით იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც წლებია მუშაობენ მართლმსაჯულების საკითხებზე, აქტიურად არიან ჩართული რეფორმებში და მათ აქვთ ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც საუკეთესო კანდიდატის შერჩევის პროცესში ღირებული იქნება. ამ შეხვედრაზე ჩვენი ძირითადი აქცენტი იქნება იმაზე, რომ მოვისმინოთ მოსაზრებები, როგორი პროცესით უნდა შეირჩეს ეს ადამიანი და რა არის ის მთავარი მონაცემები, რაც უნდა ახასიათებდეს ამ ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მყოფ პირს. 

როდესაც პრეზიდენტმა დააანონსა კონსულტაციების დაწყება, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენ ამ პროცესს ვიწყებთ არა სახელებზე და გვარებზე, არამედ პროცედურაზე და იმ მახასიათებლებზე მსჯელობით, რომელიც უნდა ახასიათებდეს კანდიდატს. პრეზიდენტს რომ სდომოდა კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელება, კონსტიტუცია მას ამის შესაძლებლობას არ უზღუდავს. მას ჰქონდა სრული უფლებამოსილება, რომ ერთპიროვნულად დაესახელებინა კანდიდატურა. ჩვენ წავედით სხვა გზით. გვინდა, რომ დავინახოთ ფართო კონსენსუსი იმ მახასიათებლებთან დაკავშირებით, რომელიც ამ ადამიანს უნდა ჰქონდეს და ამის შემდეგ გადავალთ სახელებსა და გვარებზე,"- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ამავე თემაზე