2018-08-09 12:02:08
2008 წელს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ვერ შეუშალა ხელი რუსეთის სცენარის განხორციელებას - მათ ვერ აარიდეს ქვეყანას საფრთხე - ბახტაძე

2008 წელს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ვერ შეუშალა ხელი რუსეთის სცენარის განხორციელებას - მათ ვერ აარიდეს ქვეყანას საფრთხე და მთელი ქვეყანა კატასტროფულ სიტუაციაში აღმოჩნდა - ეს განცხადება,ს აქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა.

„ჩემი პირადი აზრი ამ საკითხზე არის ის, რომ რუსეთი არის აგრესორი, მან მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და ეს არის ერთმნიშვნელოვანი. უფრო მეტიც, მას ეს არ გაუკეთებია მხოლოდ 2008 წელს, 90-იანი წლების დასაწყისშივე რუსეთი ახორციელებდა საქართველოს ტერიტორიების ფაქტობრივ ანექსიას. 
აქვე მინდა განვაცხადო, რომ ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი, მათ შორის ჩვენი ამერიკელი მეგობრები აცხადებენ, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნები აფრთხილებდნენ საქართველოს მაშინდელ ხელმძღვანელობას, რომ რუსეთი გეგმავდა საომარი ოპერაციების სცენარის განხორციელებას. სამწუხაროდ, მაშინდელმა ხელმძღვანელობამ იმის ნაცვლად, რომ თავიდან აერიდებინა მსგავსი მოვლენების განვითარება და დაეწყო ჩვენი მეგობარი ქვეყნების ჩართულობით პრევენციაზე ორიენტირება, ვერ შეუშალა ხელი რუსეთის მიერ დაგეგმილი სცენარის განხორციელებას საქართველოში. მათ ვერ აარიდეს ქვეყანას საფრთხე და მთელი ქვეყანა აღმოჩნდა კატასტროფულ სიტუაციაში. 

აქვე მინდა გითხრათ, რომ ამ ორი დღის განმავლობაში კიდევ რამდენჯერმე მოვისმინე, რომ რუსეთმა აგრესია განახორციელა 2008 წელს. მინდა შეგახსენოთ, რომ რუსეთის ფედერაცია ფაქტობრივ ანექსიას ახორციელებდა 90-იანი წლების დასაწყისშივე, მაშინ როცა ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და ამის შემდეგ ჩაირთო ის აგრესიული მანქანა, რომელმაც გააგრძელა თავისი სცენარების რეალიზება უკვე 2008 წელს. ეს არის ჩემი შეფასება, ეს არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის პოზიცია. რუსეთი არის აგრესორი, მან მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. მათ აქვთ აღებული ვალდებულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. მოვუწოდებ კიდევ ერთხელ, გაიყვანონ თავიანთი სამხედრო დანაყოფები საქართველოდან“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამავე თემაზე