სიახლეები
პოლიტიკა
მთავარი სიახლე
2018-08-09 11:38:38
დაუჭერს თუ არა "ქართული ოცნება" მხარს სალომე ზურაბიშვილს - პრემიერს კითხვაზე პასუხი არ აქვს

დაუჭერს თუ არა "ქართული ოცნება" მხარს სალომე ზურაბიშვილს - კითხვაზე პრემიერ-მინისტრს პასუხი არ აქვს. 

მამუკა ბახტაძე კომენტარს არ აკეთებს და ამბობს, მხოლოდ იმას, რომ მმართველ გუნდს საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატი არ ეყოლება. პრემიერი კიდევ ერთხელ განმარტავს მიზეზებს. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ფილოსოფიაა საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიის და საპარლამენტო რესპუბლიკის ჩამოყალიბება, რასაც ძალთა თანაბარი გადანაწილება განსაზღვრავს. 

„პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ ჩვენ, ჩვენი პარტიული კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე არ გვეყოლება. მე წინა ბრიფინგზე განვმარტე და ისიც გითხარით, რომ საკმაოდ ინტენსიური დიალოგი და კონსულტაციები მიმდინარეობდა გუნდის შიგნით ამ საკითხზე და მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო - რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში არის ორი მიდგომა. პირველი არის ის, რომ ნებისმიერმა პარტიამ, პოლიტიკურმა ძალამ უნდა მიიღოს პოლიტიკურ არჩევნებში მონაწილეობა და სწორედ ეს არის მისი დანიშნულება, მაგრამ ამასთან ერთად არსებობდა ძალიან ბევრი არგუმენტი და მთავარი არგუმენტი გახლავთ ის, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ფილოსოფია გახლავთ საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიის და საპარლამენტო რესპუბლიკის ჩამოყალიბება. შესაბამისად, საქართველოში ჩვენ გვაქვს სწორედ ასეთი კონსტიტუცია. ამასთან ერთად, „ქართულ ოცნებას“ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში, ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში და მაშინ, როცა ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტი შესაძლებელია იყოს არაპარტიული მოქალაქე, ნეიტრალური, ხშირ შემთხვევაში დამბალანსებელი, აქედან გამომდინარე არსებობდა მეორე მიდგომა, რომ ხომ არ იქნებოდა უკეთესი ქართული დემოკრატიისთვის, ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისთვის, დომინანტ პოლიტიკურ ძალას არ მიეღო არჩევნებში მონაწილეობა. ამაზე გვქონდა შიდა კონსულტაციები და მივიღეთ გადაწყვეტილება. ჩავთვალეთ, რომ ეს მიდგომა, რომელიც აღვნიშნე, იქნება უკეთესი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება, რომელიც კიდევ ერთხელ ნათლად უსვამს ხაზს ჩვენს მთავარ ფასეულობას და მთავარ პრინციპს, რომ საქართველოში უნდა ავაშენოთ ევროპული ტიპის დემოკრატია“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

ამავე თემაზე