2018-08-09 11:04:10
მკვლელობა ხორავას ქუჩაზე - საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაში მსჯავრდებული გ.ჯ.-ს დაკითხვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაში მსჯავრდებული გ.ჯ-ს დაკითხვა მიმდინარეობს. საქმის პროკურორის გიორგი ქობულაძის განცხადებით, პროკურატურას გ.ჯ-ს მიმართ კითხვები ექნება იმაზე, თუ რა იცის მან, სად და ვისთან ერთად იმყოფებოდა, იყვნენ თუ არა დანაშაულის დაფარვისთვის ბრალდებულები მასთან და რა უთხრა მან ბრალდებულებს. 

გ.ჯ. ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვისთვის ბრალდებული პირების საქმის ეპიზოდზე იკითხება. 

დღევანდელ სხდომაზე მეორე მსჯავრდებული გ.ბ.-ც უნდა დაკითხულიყო თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო ის დღეს სასამართლოში არ დაიკითხება.

„ჩვენი სურვილი იყო, რომ დღეს დაკითხულიყო როგორც გ.ჯ., ასევე გ.ბ. თუმცა, გ.ბ.-ს ოჯახს ჰქონდა გარკვეული პრობლემები. არ იმყოფებოდნენ მისი ოჯახის წევრები თბილისში და ვერ ახერხებდნენ ჩამოსვლას. შესაბამისად, კანონიერი წარმომადგენელი ვერ დაესწრებოდა მის დაკითხვას, რაც სავალდებულოა კანონით. აქედან გამომდინარე, ვეღარ მოხდება მისი დაკითხვა. რაც შეეხება გ.ჯ.-ს, ის უნდა დაიკითხოს. რა თქმა უნდა, ის ფლობს მნიშვნელოვან ინფორმაციას. სწორედ მის მიერ ჩადენილი დანაშაულის დაფარვას ედავება სახელმწიფო ბრალდება საქმეზე ბრალდებულებს. რა ჩვენებას მისცემს არ ვიცი, თუმცა აღსანიშნავია, რომ მას უფლება აქვს საერთოდ არ მისცეს ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ სასამართლო პროცესზე", - განაცხადა ქობულაძემ.

ამავე თემაზე