თავდაცვა
2018-08-07 14:20:55
III ქვეით ბრიგადას 26 წელი შეუსრულდა

III ქვეით ბრიგადას 26 წელი შეუსრულდა. საზეიმო ცერემონიალი ქუთაისში ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. პირად შემადგენლობას ბრიგადის დაბადების დღე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ და სახმელეთო ჯარების დასავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს.

საზეიმო ცერემონიალის დაწყებამდე სტუმრებმა ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.


დღესვე, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის პირადმა შემადგენლობამ საზეიმოდ დადო ფიცი.

ფიცის დადების შემდეგ III ქვეითი ბრიგადის სამხედროების დაჯილდოების ცერემონიალიც გაიმართა. სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დაჯილდოვდნენ ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ კალმახელიძე, ვიცე-პოლკოვნიკი ტარიელ მახარაშვლი და უმცროსი სერჟანტი სიბი გაბიანი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის I, II და III ხარისხის მედლები რვა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. სამხედროების ნაწილმა კი, საპატიო სიგელები დაიმსახურა. სამხედრო მოსამსახურეებს ჯილდოები გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ, დასავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა გიორგი მათიაშილმა და მესამე ბრიგადის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ კალმახელიძემ გადასცეს.


საზეიმო ცერემონიალის დასასრულს ბრიგადის ტერიტორიაზე სამხედრო შეიარაღების გამოფენა მოეწყო. გამოფენას ჯარისკაცების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

 

ამავე თემაზე