2018-08-02 12:14:02
გ.ჯ-ს მამამ სასამართლოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა - პროკურორი

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვის ეპიზოდზე მიმდინარე სასამართლო განხილვის ფარგლებში, დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში მსჯავრდებული გ.ჯ-ს მშობლები დაიკითხნენ. პროკურორ გიორგი ქობულაძის ინფორმაციით, მშობლებმა ისაუბრეს, თუ სად იმყოფებოდა მკვლელობის შემდეგ მსჯავრდებული და რა ინფორმაცია ჰქონდათ მის შესახებ. პროკურორის თქმით, მსჯავრდებულის მამამ სასამართლოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა.

„დაიკითხნენ გ.ჯ-ს მშობლები. მამას ჰქონდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამ საქმეზე, რაც სასამართლოს მიაწოდა. სხვა ჩვენებებთანაც თანხვედრაშია. მშობლების ინფორმაციით, მათ არ იცოდნენ სად იყო გ.ჯ. მკვლელობის შემდეგ. მამის განმარტებით ირკვევა, რომ საიდანაც სახლში წამოიყვანეს, აღნიშნული გარემოება მანამდე დაკითხული მოწმის ინფორმაციას ემთხვევა. მამამ იმავე დღეს მოგვიანებით გაიგო, თუ სად იმყოფებოდა“, – გაანცხადა პროკურორმა.

დანაშაულის დაფარვის საქმეზე დაკავებულთა პატიმრობის ვადა სექტემბერში იწურება.

შეგახსენებთ, რომ საქმეზე სულ ხუთი პირია ბრალდებული. მათ შორის ერთ-ერთია მოზარდის მამა – თენგიზ კალანდია, რომელიც ორ პირთან ერთად, პატიმრობაში იმყოფება. მისი შვილი მ.კ. კი, რომელიც მკვლელობის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა, 21 წელს მიღწეული არ არის და შესაბამისად, მასზე პატიმრობა არ გამოყენებულა. ცოტა ხნის წინ მ.კ.-ს საქმე დანაშაულის დაფარვის ნაწილში ცალკე წარმოებად გამოიყო. გირაოთია გათავისუფლებული აღნიშნული მოზარდის ძმაც. თავად თენგიზ კალანდია დანაშაულს აღიარებს, მასთან ერთად დაკავებული პირები კი – არა.

ამავე თემაზე