2018-08-01 15:12:26
საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის საბჭოს წევრი მსოფლიოს საუკეთესო არბიტრებს შორის დასახელდა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის(GIAC) საბჭოს წევრი, პროფესორი პიერ ტერსიე 2018 წლის მსოფლიოს საუკეთესო არბიტრებს შორის დასახელდა. საარბიტრაჟო სფეროში ყველაზე პოპულარული პლატფორმის, Global Arbitration Review (GAR)-ის პარტნიორმა “Who’s Who Legal”-მა გამოსცა წიგნი, სადაც მსოფლიოს მოწინავე იურისტებისა და არბიტრების რეზიუმეები და მათი ინტერვიუები გამოქვეყნდა. პიტერ ტერსიეს წიგნში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო.

პროფესორი ტერსიე საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს აკადემიური და საპატიო თავმჯდომარეა. იგი მონაწილეობდა ICC-ის, ICSID-ის და სხვა მრავალ საარბიტრაჟო დავაში. პროფესორი ტერსიე ცნობილია სამართლისა და ბიზნეს სექტორში, საკუთარი მრავალწლიანი მოღვაწეობიდან გამომდინარე. იგი 250-ზე მეტი ნაშრომის ავტორია სახელშეკრულებო სამართალსა და საერთაშორისო არბიტრაჟში, მათ შორის რამდენიმე კლასიკად იქცა. გამოქვეყნებულ ინტერვიუში ტერსიე ჰყვება, რომ მას შემდეგ, რაც მისი კარიერა დაიწყო არბიტრაჟის სფერო რადიკალურად შეიცვალა. ინტერვიუს ფარგლებში ტერსიემ მისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი საქმეების შესახებ ისაუბრა.

„საბჭო ჩვენი ცენტრის საქმიანობის მიუკერძოებლობის ერთ-ერთი მთავარი გარანტიაა. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი საბჭოს წევრი ბატონი პიერ  ტერსიე მსოფლიოს მოწინავე არბიტრებს შორის მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ვფიქრობ, ამ ფაქტმა კიდევ უფრო უნდა გაზარდოს ბიზნესის ნდობა საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის საქმიანობის მიმართ, როგორც ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ასევე საქართველოში, სადაც არბიტრაჟის ინსტიტუტი ჯერ ფეხს იკიდებს, თუმცა ქვეყანას აქვს პოტენციალი ჩამოყალიბდეს საარბიტრაჟო ჰაბად რეგიონში“- აცხადებს საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გენერალური მდივანი ბექა ინჯია.

პიერ ტერსიე საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის საბჭოს წევრია, რომელიც უზრუნველყოფს საარბიტრაჟო განხილვის ეფექტიან წარმოებას და მის შესაბამისობას ცენტრის საარბიტრაჟო წესებთან. საბჭო იღებს გადაწყვეტილებებს მისთვის საარბიტრაჟო ცენტრის წესდებით და საარბიტრაჟო ცენტრის საარბიტრაჟო წესებით მინიჭებულ ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა არბიტრების დანიშვნა-აცილება, საარბიტრაჟო საქმეების გაერთიანება და სხვ.

ამავე თემაზე