2018-08-01 09:44:26
დღეს “ღირსეული პარტნიორი 2018“ იწყება

1-15 აგვისტოს ჩათვლით ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ვაზიანის პოლიგონსა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლება “ღირსეული პარტნიორი 2018“ (Noble Partner) გაიმართება. 

მათი ინფორმაციით, „ღირსეული პარტნიორი 2018“ საქართველოში უკვე მეოთხედ ტარდება. წლევანდელი სწავლების მიზანია სტაბილურობის, თავდაცვითი და შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესება; საქართველოს, აშშ-ის და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლება; ასევე, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა. სწორედ ამიტომ, სწავლების მთავარი გზავნილია - „ძალა პარტნიორობაშია“.

„ამჯერად, სწავლება კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი იქნება და მასში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. წელს სწავლებაში 13 ქვეყანაა ჩართული: საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, ესტონეთი, საფრანგეთი, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, თურქეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი და სომხეთი. გაზრდილია სწავლებაში მონაწილე ამერიკის შეერთებული შტატების ავიაციისა და გერმანული ჯავშანტექნიკის რაოდენობაც.

მრავალეროვნული წვრთნა კომპლექსურია და მისი სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებით, სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში.

სწავლებით დაინტერესებულ რეპორტიორებს გაშუქების მაქსიმალური შესაძლებლობა მიეცემათ,” - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

ამავე თემაზე