2018-07-25 13:26:36
ის რომ ჭარბვალიანობა პრობლემაა, ამაზე ეროვნულ ბანკს არაერთხელ გაუკეთებია განცხადება - გვენეტაძე ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება

ჭარბვალიანობის პრობლემა კონტროლს ექვემდებარება, თუმცა ამ საკითხზე არსებობს ანალიზი და ექცევა ყურადღება - ეს განცხადება, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გააკეთა. 

კობა გვენეტაძეს ბიძინა ივანიშვილის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებების შეფასება მოუწია. 

გუშინდელ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილის კრიტიკის ობიექტი საბანკო სექტორი გახდა.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ საქართველოში მოქმედი ორი მთავარი ბანკი მოსახლეობის გაღარიბებაში, ყოფილი პრემიერი კი ამ ბანკების ლობირებაში დაადანაშაულა.

გვენეტაძე დეტალური შეფასებისგან თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ ის რომ ჭარბვალიანობა პრობლემაა, ამაზე ეროვნულ ბანკს არაერთხელ გაუკეთებია განცხადება და შესაბამისი ნაბიჯებიც გადაიდგა.

„ეროვნული ბანკი არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია, ჩვენ არ ვაკეთებთ პოლიტიკურ განცხადებებს. ეროვნული ბანკის ფუნქცია და მოვალეობა არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების მუშაობის შეფასება  ჩვენ არსებულ სიტუაციას ვიღებთ, როგორც მოცემულს და ჩვენი მანდატიდან და მიზნებიდან წარვმართავთ ჩვენს პოლიტიკას.

აქედან გამომდინარე ჩემი პასუხი ამ სიტყვებთან დაკავშირებით სწორედ ამ მხრიდან იქნება მოცემული.

მოგეხსენებათ ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მანდატი არის ფინანსური სისტემის სტაბილურობა და ფინანსური სისტემის გამჭვირვალობის მხარდაჭერას, ამ კუთხით თუ შევხედავთ ჩვენ ფაქტობრივი ანალიზი მივაწოდეთ მათ შორის ჟურნალისტებს“-აცხადებს გვენეტაძე.

ამავე თემაზე